ქუთაისში არსებული კლინიკა “ბომონდი” ქვეყანაში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“კლინიკა „ბომონდი“, რომელსაც ჯანმრთელობაზე ზრუნვის 15-წლიანი გამოცდილება გააჩნია, ქვეყანაში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაშის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს.
კლინიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, „ბომონდი“ და „ბომონდის“ მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედპერსონალი უსასყიდლოდ მოემსახურება სოციალურად დაუცველ და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ იმ ოჯახებს, რომელთა წევრები შვილის გაჩენას კლინიკაში გადაწყვეტენ.
„ბომონდი“ დაარსების დღიდან არის ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში. პაციენტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარდა, „ბომონდი“ თავისი საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად ქველმოქმედებას ასახელებს. მოხარული ვარ იმით, რომ ჩვენი კლინიკა ზრუნავს ქუთაისელი მოსწავლეების ჯანმრთელობაზე. „ბომონდსა“ და ქუთაისის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, კლინიკამ ვალდებულება აიღო, რომ მერიის კულტურული და სპორტული ააიპების მოსწავლეებს უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწიოს. რაც შეეხება ახალ ინიციატივას, კარგად ვიცით, რომ ერი ბერდება და შობადობის მაჩვენებელი იკლებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იმ პაციენტებს, რომლებსაც არ ჰყავთ აყვანილი ექიმი და რომლებიც მშობიარობას კლინიკა „ბომონდში“ გადაწყვეტენ, მოვემსახუროთ უფასოდ. პაციენტს არ უწევს არავითარი დამატებითი ხარჯების გადახდა სამედიცინო დაწესებულებაში. გარდა ამისა, კლინიკა უზრუნველყოფს პაციენტის კვებასაც. გვინდა, რომ ამგვარად ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ შობადობის გაზრდის საქმეში,“ – ამბობს კლინიკა „ბომონდი“-ს გენერალური დირექტორი მამუკა მიქაძე.
იმ პაციენტებს, რომლებიც კლინიკა „ბომონდის“ აქციით ისარგებლებენ, საკეისრო კვეთას მორიგე ბრიგადასთან ერთად, კლინიკის მთავარი ექიმი მამუკა მიქაძე და სამეანო განყოფილების გამგე ოლეგ სინაურიძე ჩაუტარებენ,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, 2014 წელს თუ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 60 635-ს შეადგენდა, 2015 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 59 249, ხოლო 2016 წელს 56 569 ადამიანი შეადგინა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარის, ხოლო საკეისრო კვეთა 800 ლარის ფარგლებში. 2014 წლის 31 მარტს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომელიც შობადობის მატერიალურ წახალისებას ითვალისწინებს. პროგრამის თანახმად, 2014 წლის 1 ივნისიდან ყოველ მესამე ან შემდგომ ახალშობილზე, ორ წლამდე, გაიცემა ფულადი დახმარება ბარში 150 ლარის, ხოლო მაღალმთიან რეგიონში 200 ლარის ოდენობით. პროგრამა ვრცელდება იმ რეგიონებზე, სადაც ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებლები არ დაფიქსირდა. კერძოდ, პროგრამა შემდეგ რეგიონებს შეეხო: გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი.
topnews.com.ge