“საქართველოში დაახლოებით 110 ათასმა ადამიანმა არ იცის, რომ C ჰეპატიტით არის ინფიცირებული”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესკონფერენცია ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი (28 ივლისი) მიძღვნილ კვირეულს დაეთმო, რომელიც დღეს დაიწყო.
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში C ჰეპატიტით ქრონიკულად დაავადებული დაახლოებით 150 ათასი ადამიანია და მათგან დაახლოებით 100-110 ათასმა თავისი სტატუსი არ იცის.
მისივე თქმით, კვირეულის ფარგლებში რეგიონებში მსურველებს უფასო სკრინინგი ჩაუტარდებათ, რათა დაავადებულები გამოვლინდნენ.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, C ჰეპატიტით დაავადებული 150 ათასი ადამიანიდან 40 ათასმა მკურნალობის კურსი სახელმწიფოს ხარჯზე ჩაიტარა და უკვე განიკურნა.
„40 ათასიდან, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა, დაახლოებით 80%-მა იცოდა, რომ მათ C ჰეპატიტი ჰქონდათ, ხოლო 20 % კი სკრინინგის შედეგად გამოვავლინეთ. დაახლოებით 100-110 ათასმა არ იცის, რომ ინფიცირებულია. ადამიანებს შეუძლიათ მიბრძანდნენ და სწრაფი მარტივი ტესტით გაიგონ, აქვთ თუ არა C ჰეპატიტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას sms შეტყობინებები დააგზავნეს ნახევარი მილიონი ადამიანისთვის, რომლებიც ძირითადად 30-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან.
“ეს გახლავთ ჯგუფი, სადაც ინფექციის, თითქმის 50%-ია კონცენტრირებული. SMS-ს შეტყობინებებში მითითებულია, თუ რა არის ჰეპატიტი და სად მივიდნენ სამკურნალოდ. ჩვენი ცენტრის ვებ-გვერდზე ასევე მითითებულია, თუ სად უნდა მივიდნენ ჰეპატიტების სკრინინგისთვის და სამკურნალოდ. ესემესები მთლიანად საქართველოს მოსახლეობაზე გავრცელდება. საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში უკვე გასულია მობილური თუ ჩვენი ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბრიგადები და მუშაობენ სწრაფი ტესტირების თვალსაზრისით“, – განაცხადა გამყრელიძემ.