“ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქცია პროკურატურასთან გაიმართა. მოვაჭრეები ამბის დროულ გამოძიებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ერთ-ერთმა დაზარალებულმა შიმშილობა დაიწყო.
აქციაზე თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი და ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი იმყოფებოდნენ.
„შენობები გადაიწვა, ექსპერტიზის დასკვნები არ გვაქვს, ეს ადასტურებს, რომ ხელისუფლება ემზადება ახალი შენობების გადასაწვავად. ამას ფაშისტები აკეთებდნენ, როცა სოფლებს წვავდნენ და მეორე აკეთებს „ქართული ოცნება“, რომელმაც 11 ობიექტი გადაწვა. ჩვენ ვიბრძოლებთ ყველანი, ყველა წესიერი ადამიანი, რომ ის ადამიანები, ვინც მათ მფარველობენ, დასხდნენ საბრალდებო სკამზე და მთავარი პროკურორი უნდა მოშორდეს აქედან,“ – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
თბილისის მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ ხანძრი სავაჭრო ცენტრში მიზანმიმართულად გაჩნდა.
შეგახსენებთ, ხანძრის შედეგად, რამდენიმე თვის წინ სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო” მთლიანად დაიწვა.