თბილისის მერია ქართველთა მარშის ორგანიზატორებს დღეისთვის დაგეგმილი აქციის სხვა ლოკაციაზე გადატანას სთხოვს. თბილისის მერიის განმარტებით, აღმაშენებლის გამზირზე კორკოტაშვილი-ბრეგაძისა და “ევროპული საქართველოს” “არა რუსულ ფაშიზმს” მსვლელობის პარალელურმა გამართვამ, შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვიოს. მერია “ქართველთა მარშის” ორგანიზატორებისთვის გაგზავნილ წერილს ავრცელებს, სადაც ნათქვამია:
“23 ივლისს, თბილისში, რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის ჩატარების მოთხოვნით 17 ივლისს ”ევროპულმა საქართველომ” უკვე მიმართა, ხოლო მეორე აქციის წარმომადგენლებმა კი, 21 ივლისს მიმართეს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 21 ივლისს შეტანილი განცხადების ავტორთა მიერ დაგეგმილი აქცია ჩატარდეს სხვა ლოკაციაზე ან სხვა დროს.
“ვინაიდან მიმდინარე წლის 23 ივლისს დაგეგმილი აქციების მიმდინარეობისას შესაძლებელია შეიქმნას კონფლიქტის ესკალაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით თქვენს მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია ჩატარდეს სხვა ლოკაციაზე ან სხვა თარიღში,”-ნათქვამია წერილში.
თბილისის მერი განმარტავს, რომ თბილისის მერია აქციის ჩასატარებლად სანქციას არ გასცემს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ერთდროულად იყო ორი აქცია დანიშნული, მეორე აქციის ორგანიზატორებს, რომლებმაც გვიან შემოიტანეს წერილი, ჩვენ ვაცნობეთ, რომ ამ დროს, ზუსტად ამ ადგილას აქცია უკვე დანიშნული იყო.
ყველას სიტყვის გამოხატვის თავისუფლება აქვს ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში, თუმცა ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ იგივე ადგილას, იგივე დროს იყო დანიშნული აქცია და ან დრო შეეცვალათ, ან ადგილი შეეცვალათ, რათა ერთმანეთს არ დამთხვეოდა ეს ორი აქცია.
სხვა ინფორმაცია რაც გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ არ გავცემთ სანქციას აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით. თბილისი მერია იღებს ინფორმაციას აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით, რათა გზაზე შეზღუდვების შემთხვევაში გადაალაგოს ტრანსპორტის მოძრაობა, მუნიციპალური ტრანსპორტი. სიტყვის გამოხატვის თავისუფლება კი ყველას აქვს. ისინი ვალდებულები არიან, რომ აქცია ჩაატარონ მშვიდობიანად”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.