“პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საოკუპაციო ხაზზე მორიგი ხნულის გავლების შესახებ განაცხადა.
„ეს არ არის საზღვარი, ეს არის საოკუპაციო ხაზი და სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს იქ საოკუპაციო რეჟიმი, უკავშირდება საოკუპაციო ხაზის დაფიქსირებას. ჩვენ ამ ფაქტს, ისევე როგორც ყველა წინა ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვაძლევთ ძალიან მკაცრ შეფასებას. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, ეს პროვოკაციული ქმედებები შეჩერდეს. პირველ რიგში, ეს არის პროვოკაცია და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვახერხოთ ამ პროვოკაციული ქმედებების შეჩერება“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს მხოლოდ დიპლომატიური არხები და ინსტრუმენტები აქვს იმისათვის, რომ მოახდინოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, რათა შეაჩეროს რუსული აგრესია და ოკუპაცია.
„ჩვენ არ უნდა ავყვეთ რუსულ პროვოკაციებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავნებდეთ და ხმა არ ამოვიღოთ ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც ხორციელდება ოკუპანტის მიერ“, – აღნიშნა ჯანელიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლება ოკუპირებული ორჭოსნის მონაკვეთზე.
„ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ქმედება არის ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელება, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მიზანმიმართულად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნული საკითხი დადგება ერგნეთის მომავალ შეხვედრაზე“, – განაცხადეს სუს-ში.