19 წლის გოგონას ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძაშვილს რობერტ ახალაიას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას, ბრალდებულის ადვოკატი ოლგა გეჯაძე აკეთებს.
„აუცილებლად ვაპირებ დავაყენო მოთხოვნა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, რათა შემოწმდეს, რამდენად აქვს ფსიქიკური პრობლემები. ამ კუთხით ექსპერტიზის დანიშვნას აპირებს გამომძიებელიც, თუმცა მე ვაკონტროლებ ყველაფერს და თუ არ დაინიშნა, მე მოვითხოვ“, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ჰქონდა რობერტ ახალაიას წარსულში ფსიქიკური პრობლემების ნიშნები, ადვოკატის თქმით, ახლობლები ამაზე არ საუბრობენ და მისთვის ამის შესახებ ცნობილი არაფერია.
„არავინ არაფერს საუბრობს, ყველა გაკვირვებული და შოკშია. ამბობენ, რომ ბრალდებულისთვის რაიმე აგრესია ან კონფლიქტისკენ მიდრეკილება არ ჰქონია. მაგალითად, მეგობრები და ლექტორები ამბობენ, რომ ძალიან წესიერი ბავშვი იყო“, – აღნიშნა ადვოკატმა.
რობერტ ახალაია 19 წლის გოგონას ძალადობრივი გზით მკვლელობაშია ბრალდებული. მოკლული მისი მამიდაშვილი იყო. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი.