გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მორბილვირუსულის ინფექციის გამო, რითაც სავარაუდოდ, დელფინები არიან დაავადებული, შავ ზღვაში ბანაობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატიონი აცხადებს, აღნიშნული ვირუსი ადამიანზე არ გადადის. შესაბამისად შავ ზღვაში ბანაობა უსაფრთხოა.
„ეს ვირუსი ადამიანს არ გადაეცემა და ამ ვირუსით უშუალოდ წყალი არ ბინძურდება. დელფინები არიან ვირუსით დაავადებული, თუმცა ძუძუმწოვრიდან ადამიანზე ვირუსი არ გადადის. შესაბამისად, კონკრეტულად დელფინებთან დაკავშირებული ვირუსის ნაწილში შავი ზღვა სრულიად უსაფრთხოა“, – განაცხადა თამარ ბაგრატიამ.
რაც შეეხება იმას, რომ სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, მკვდარ დელფინს არ შეეხონ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, ეს რეკომენდაცია მხოლოდ იმის გამო გაიცა, რომ ძუძუმწოვრები შესაძლოა სხვა ვირუსებითაც იყვნენ დაავადებული.
„თუ ძუძუმწოვარი მორბილვირუსულის ინფექციით ავადდება, მას უქვეითდება იმუნიტეტი და შესაბამისად, შეიძლება რაღაც სხვა ტიპის ვირუსსაც ატარებდეს. ამიტომ ვუთხარით ადამიანებს, რომ არ შეეხონ მკვდარ ძუძუმწოვრებს, რადგან რაღაც სხვა ტიპის ვირუსის გადადება არ მოხდეს, რისი თეორიული შანსიც არსებობს“, – აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა.
შეგახსენებთ, სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს არ შეეხონ. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, წელს, შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტები დაფიქსირდა, რაც შესაძლოა, განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით.
მსავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში სააგენტო მოსახლეობას სთხოვს, დაუკავშირდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153
წყარო: “ინტერპრესნიუსი”