“ცენტრ პოინტის” საქმეზე დაკავებულ დებს მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ და სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვონ. ამის შესახებ ინფორმაციას, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი მეგი გოცირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
თუმცა ამ ინფორმაციას კერვალიშვილის შვილი ჟურნალისტი ნინო დარასელი არ ადასტურებს. მისი თქმით, საქმეში ახალი არაფერია. დარასელს არა აქვს ინფორმაცია საპროცესო შეთანხმების შესახებ და ამბობს, რომ ახლა მხოლოდ პროკურატურის მოთხოვნების დაკამყოფილებაზე მუშაობს.
“მიმდინარეობს მუშაობა. ახალი არაფერია. არ ვიცი რატომ გაჩნდა მედიაში ეს ინფორმაცია. რაიმე მნიშვნელოვანი რომ მოხდება, მეთვითონ ვეტყვი საზოგადოებას ამის შესახებ, ამ ეტაპზე კი ვმუშაობთ იმისთვის, რომ პროკურატურის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ”, – განაცხადა დარასელმა.
შეგახსენებთ, “თაბუკაშვილი 88“-ის გარშემო თითქმის ოთხწლიანი სასამართლო პროცესი 2017 წლის 31 მარტს დასრულდა. რუსუდან კერვალიშვილი დარბაზიდან ციხეში გადაიყვანეს. მის მსგავსად 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მაია რჩეულიშვილსაც, რომელიც საცხოვრებელ კომპლექს “მაგნოლიას” ეპიზოდზე თვეები წინასწარ პატიმრობაში იყო. მენაშენეების კუთვნილი თანხების მითვისების და თაღლითურად დაუფლების ნაწილში ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. საუბარია ჯამში თითქმის 5-მილიონნახევარ დოლარზე და 20 მილიონ 700 000-მდე ლარზე.
პროკურატურამ, ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად მზადყოფნა მაშინვე გამოთქვა. როგორც პროკურორმა განაცხადა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება იმ პირობით გაფორმდება, თუ ისინი ყველა დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებენ და ყველა ობიექტის მშენებლობას დაასრულებენ.
წყარო: “პრაიმტაიმი”