,,იზვესტია“ -ს ცნობით, ქართველმა დეპუტატებმა რუსეთის დუმის დეპუტატები საქართველოში მოიწვიეს.
რუსეთის დუმაში დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, რუსი დეპუტატების დელეგაცია საქართველოში 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჩავა იმ ქართველ კოლეგებთან სასაუბროდ, რომლებიც შეხვედრის ინიციატორები იყვნენ.
გამოცემა „იზვესტია“ წერს, რომ რუსულ-ქართული დიალოგი ბოლო 10 წლის განმავლობაში მინიმუმამდე იყო დაყვანილი და პრინციპში, არც არსებობდა.
„თუმცა, ორი ქვეყნის პარლამენტართა ძალისხმევით, საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის ამ არხის აღდგენას“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლის თარიღი უცნობია.
“ქართული ოცნების” დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის დეპუტატებს რუსი პოლიტიკოსები არ მოუწვევიათ და შესაბამისად მათთვის უცნობია ვინ და რატომ მოიწვია ისინი.
მმართველი გუნდის კიდევ ერთი დეპუტატის ზაზა ხუციშვილის თქმით კი, თუ ამ დეპუტატებს საქართველოს კანონი “ოკუპაციის შესახებ” დარღვეული აქვთ, მაშინ ისინი ქვეყანაში ვერ შემოვლენ.