დღეს, სავარაუდო მუქარის ფაქტზე ე.წ. “ქართული მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი გამოიკითხება. საქმე ეხება გაერო-ში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით სავარაუდო მუქარის ფაქტს.
თათია დოლიძე შსს-ს ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე ორშაბათს იმყოფებოდა. თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მუქარას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით – ვადით 120-დან 180-მდე საათით ან გამასწორებელი სამუშაოთი – ვადით ერთ წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით – ვადით ერთ წლამდე.
ე.წ. “ქართველთა მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი ადასტურებს, რომ “ფეისბუკით” გაუპატიურების საჯარო მუქარის შესახებ კომენტარები მისი დაწერილია. ამის შესახებ მან “ობიექტივის” ეთერში განაცხადა.
კორკოტაშვილი აღნიშნავს, რომ ეს სიტყვები “სლენგის” მნიშვნელობით გამოიყენა და არა პირდაპირი მნიშვნელობით.
“ორ ადამიანს, მეგობარს შორის პრივატულად ლაპარაკი მიდიოდა, შეფასება. მე შეიძლება დავწერე, კიდევ კაი მოსაკლავია არ დავწერე, ცოტა უზრდელურად დავწერე, ორ ადამიანს შორის მესამეს განსჯა რომ მიდის, ჩვენ რა სლენგი გვაქვს ერთმანეთში… იქ დამიწერეს, რომ გაუპატიურებით დაემუქრნენ. გაუპატიურებით დამუქრება არის, როცა ადამიანს დაურეკავ და ეტყვი, რომ მე შენ ამას და ამას გიზამ. ორ ადამიანს შორის რა სლენგია, უზრდელურიც თუა, გინებით თუ გამოვხატავ, ვისი რა საქმეა? მაგაზე არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არაფერი”,- აღნიშნა კორკოტაშვილმა.
დღეს, აღმაშნებელის გამზირზე, რკინიგზელთა კულტურის სახლის წინ ქალთა სოლიდარობის მარში გაიამრთება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ეს იქნება აქცია უთანასწორობის, ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.
საქმე ეხება facebook-ზე “ქართველთა მარშის” ორგანიზატორთა ნაწილის პოსტებსა და კომენტარებს, რომელიც გავრცელდა, სადაც ისინი გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო საჯაროდ, სოციალურ ქსელში ემუქრებიან.
Facebook პოსტი, ახლა უკვე წაშლილია. მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.
მას შემდეგ, რაც ინტერნეტ-სივრცეში მარშის ორგანიზატორების კომენტარები გავრცელდა, მათ facebook სტატუსები წაშალეს და აღნიშნავენ, რომ ეს პოსტები და კომენტარები მათ არ ეკუთვნით.
ამის შემდეგ თათია დოლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს არის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც რეაგირება შესაბამისი იქნება.
„მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება.
თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი. პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის.
ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის“, –დაწერა თათია დოლიძემ „ფეისბუქზე“.
დოლიძე პოლიციაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა.