დღეს, აღმაშნებელის გამზირზე, რკინიგზელთა კულტურის სახლის წინ ქალთა სოლიდარობის მარში გაიამრთება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ეს იქნება აქცია უთანასწორობის, ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.
“რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ე.წ. “ქართველთა მარში”, რომელთა წევრებმაც ქვეყანაში არსებული რეალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევის ნაცვლად, ღიად დაიწყეს ფაშისტური განცხადებების გაჟღერება, მათი ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებები მალევე გადაიზარდა კონკრეტულ ქალებზე ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მუქარაში. ბოლო დროს ქვეყანაში ისედაც გახშირებული ფემიციდის ფონზე მოძალადის შემდეგი მსხვერპლი შეიძლება თითოეული ჩვენგანი გახდეს. განსაკუთრებით, მაშინ რაც ჩათვლიან, რომ ქალებმა ხმა არ უნდა ამოიღონ ძალადობაზე.
♀️ ჩვენ ვერ გაგვაჩუმებს მუქარა და სიძულვილი!
♀️ ჩვენ არ მოვითმენთ ჩაგვრასა და ძალადობას!
დროა, ომი გამოვუცხადოთ მჩაგვრელს.
გავერთიანდეთ სიძულვილის წინააღმდეგ და დავრწმუნდეთ, რომ უთანასწორობასთან ბრძოლაში ჩვენი ერთსულოვნება და სოლიდარობა გადამწვეტია.
მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება- შემოგვიერთდით მასობრივ მსვლელობაში.
ქალების ბრძოლა იწყება.
ჩვენი მოთხოვნებია:
დაისაჯონ მოძალადეები, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ქალს.
მივიღოთ კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ.
ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ღიად გაემიჯნონ ძალადობას და ფაშიზმს.
მოვუწოდებთ მედიას, შეწყვიტონ სიძულვილის ენის და ფაშისტური რიტორიკის ტირაჟირება და არ მიიწვიონ გადაცემებში ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი მოწოდებებით”- ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.
ქალთა მოძრაობა “საფარის” გარდა, აქციას აწყობენ პარტია “ევროპული საქართველო” და მოქალაქეების ჯგუფი.
facebook-ზე მარშის ორგანიზატორთა ნაწილის პოსტები და კომენტარები გავრცელდა, სადაც ისინი გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო საჯაროდ, სოციალურ ქსელში ემუქრებიან.
Facebook პოსტი, ახლა უკვე წაშლილია. მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.
მას შემდეგ, რაც ინტერნეტ-სივრცეში მარშის ორგანიზატორების კომენტარები გავრცელდა, მათ facebook სტატუსები წაშალეს და აღნიშნავენ, რომ ეს პოსტები და კომენტარები მათ არ ეკუთვნით.
ამის შემდეგ თათია დოლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს არის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც რეაგირება შესაბამისი იქნება.
„მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება.
თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი. პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის.
ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის“, –დაწერა თათია დოლიძემ „ფეისბუქზე“.
დოლიძე პოლიციაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა.