ახალი ამბები მთავარი სამართალი

თათია დოლიძე შსს-ს ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება

თათია დოლიძე შსს-ს ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ 1tv იუწყება. დოლიძე სამმართველოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა და შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.

თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მუქარას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით – ვადით  120-დან 180-მდე საათით ან გამასწორებელი სამუშაოთი – ვადით ერთ წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით – ვადით ერთ წლამდე.

ცნობისთვის, გუშინ facebook-ზე მარშის ორგანიზატორთა ნაწილის პოსტები და კომენტარები  გავრცელდა, სადაც ისინი გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო საჯაროდ, სოციალურ ქსელში ემუქრებიან.

Facebook პოსტი, ახლა უკვე წაშლილია. მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.

მას შემდეგ, რაც ინტერნეტ-სივრცეში მარშის ორგანიზატორების კომენტარები გავრცელდა, მათ facebook სტატუსები წაშალეს და აღნიშნავენ, რომ ეს პოსტები და კომენტარები მათ არ ეკუთვნით.

ამის შემდეგ თათია დოლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს არის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაული,  რომელზეც რეაგირება შესაბამისი იქნება.

„მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება.

თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი. პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის.

ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის“, – წერს თათია დოლიძე „ფეისბუქზე“.

 

იტვირთბა....