მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს. კალაძე, სავარაუდოდ, “ქართული მარშის” წარმომადგენლების მიერ გაეროს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის თათია დოლიძის მიმართ მუქარის ფაქტს ეხმაურება.
“ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიტიკურ ნიადაგზე აგრესიული დაპირისპირება და ადამიანების შეურაცხყოფა. წარმოუდგენელია აცხადებდე, რომ იცავ ყველაფერ იმას, რაც ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის- სტუმართმოყვარეობა, ტოლერანტობა, ქალისადმი პატივისცემა და ვაჟკაცობა, და რეალურად, საქციელით ამას ყველაფერს ზურგით უდგებოდე. საზოგადოება, პოლიტიკური კულტურა ვერ განვითარდება ასეთი სტილის ოპონირების პირობებში. განსხვავებულ , მიუღებელ აზრს პატივს თუ არ ვცემთ, უნდა იმის უნარი მაინც გვქონდეს, საკუთარი ისე ჩამოვაყალიბოთ და დავუპირისპიროთ, რომ ადამიანებს ღირსება არ შევულახოთ. მოვუწოდებ ყველა საჯარო პირს, პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს – იმოქმედეთ, ისაუბრეთ და დაუპირისპირდით ოპონენტებს მორალის, ადამიანობის და პოლიტიკური კულტურის ფარგლებში”- წერს კალაძე.
ცნობისთვის, გუშინ facebook-ზე მარშის ორგანიზატორთა ნაწილის პოსტები და კომენტარები გავრცელდა, სადაც ისინი გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო საჯაროდ, სოციალურ ქსელში ემუქრებიან.
Facebook პოსტი, ახლა უკვე წაშლილია. მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.
მას შემდეგ, რაც ინტერნეტ-სივრცეში მარშის ორგანიზატორების კომენტარები გავრცელდა, მათ facebook სტატუსები წაშალეს და აღნიშნავენ, რომ ეს პოსტები და კომენტარები მათ არ ეკუთვნით.
ამის შემდეგ თათია დოლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს არის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაული, რომელზეც რეაგირება შესაბამისი იქნება.
„მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება.
თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი. პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის.
ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის“, – წერს თათია დოლიძე „ფეისბუქზე“.
თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-ს მიერ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლითაა დაწყებული.