“გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ, 0.5 თეთრით გაიზარდა, თუმცა ეს როგორ აისახება სამომხმარებლო ტარიფზე, ჯერ უცნობია” – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ განაცხადა.
მისი თქმით, აქამდე „გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” ჰქონდა 4 ტარიფი. განსხვავებული ტარიფები იყო თბოსადგურებისთვის და მოსახლეობისთვის.
„როგორც ელექტროენერგეტიკაში ხდება, შესაძლებელია ერთი კომპონენტი იზრდებოდეს, მაგრამ მეორე მცირდებოდეს. რადგან 3 კომპონენტზე გვაქვს საუბარი, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, ხვალ რა მოხდება, თუ არ დავინახავთ სამივე კომპომენტის საბოლოო შედეგს. ჩვენ დავადგინეთ ერთიანი ტარიფი, რადგან ეს არის სწორი პრაქტიკა. ძირითად ტარიფთან შედარებით, რაც სექტორში მოქმედებდა – 1.383 თეთრი, მასთან შედარებით დაახლოებით, 0.5 თეთრით გაიზარდა ტრანსპორტირების ტარიფი”, – განაცხადა მილორავამ.
როგორც ის განმარტავს, გაზის ტრანსპორტირების ტარიფს სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა, ბუნებრივია, ექნება, თუმცა საბოლოო შედეგს დანარჩენი კომპონტების განხილვის შემდეგ დავინახავთ.
„სამომხმარებლო ტარიფში სამი კომპონენტია თუ დღგ-ს არ ჩავთვლით. მისი წილი სამომხმარებლო ტარიფში დაახლოებით 5%-ის ფარგლებშია”.
მისივე თქმით, აქამდე მოქმედი ტარიფი იყო 1 კუბურ მეტრზე – 1. 383 თეთრი, ხოლო დღეს დადგინა ერთიანი ტარიფი 1 კუბურ მეტრზე – 1.884 თეთრი (დღგ-ის გარეშე). სემეკმა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაადგინა.
სემეკის გადაწყვეტილებით, თბოელექტროსადგურებისთვის, „ყაზბეგი გაზისთვის”, „დუშეთი გაზისთვის” და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ახალი ერთიანი ტარიფი დადგინდა და 1 კუბურ მეტრზე – 1.884 თეთრი იქნება (დღგ-ის გარეშე). აღნიშნული ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.