გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი თათია დოლიძე სოციალურ ქსელში მის მიმართ მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით წერს და ამბობს, რომ ეს არის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაული, მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება.
საქმე ეხება „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეების სახელით თათია დოლიძის ერთ-ერთ სტატუსზე დაწერილ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს.
„მინდა, გთხოვოთ, რომ შეწყდეს ჩემთან გაუთავებელი ზარები ჟურნალისტების მხრიდან, რადგან ეს მხდის უმოქმედოს. მობილურითაც ვერ ვსარგებლობ, რამდენადაც 1 წამითაც არ ჩერდება.
თუ ეს საკითხი მართლა გაწუხებთ, გთხოვთ, მომეცით საშუალება სამართლებრივად დალაგდეს ყველაფერი. პოლიტიკური ელფერის მიცემა არ არის საჭირო. სხვადასხვა პარტიებსაც ვთხოვ, ჩემს ქეისს ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის.
ეს არის ადმინისტრაციულიც და სისხლის სამართლის დანაშაულიც. მასზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. მადლობა საზოგადოებას ერთსულოვნებისთვის“, – წერს თათია დოლიძე „ფეისბუქზე“.
„ქართველთა მარშის“ აქციის მონაწილეების სახელით მუქარა თათია დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა.
facebook-ზე მარშის ორგანიზატორთა ნაწილის პოსტები და კომენტარები გავრცელდა, სადაც ისინი გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს მის მიერ დაწერილი სტატუსის გამო საჯაროდ, სოციალურ ქსელში ემუქრებიან.
Facebook პოსტი, ახლა უკვე წაშლილია. მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.
მას შემდეგ, რაც ინტერნეტ-სივრცეში მარშის ორგანიზატორების კომენტარები გავრცელდა, მათ facebook სტატუსები წაშალეს და აღნიშნავენ, რომ ეს პოსტები და კომენტარები მათ არ ეკუთვნით.
ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოთქმული სექსუალური ხასიათის მუქარასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკვლევა არ დაუწყია.
უწყებაში აცხადებენ, რომ მოკვლევის დასაწყებად აუცილებელია თათია დოლიძემ სამართალდამცავ სტრუქტურას მიმართოს.
„როგორც კი მუქარის ადრესატი მოგვმართავს, მოვახდენთ მყისიერ რეაგირებას“,-აცხადებენ უწყებაში.