საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების გადატანას ცდილობდა. ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებიდან, ამოღებულ იქნა ჯამში 2,5 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 148 000 ლარს შეადგენს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წელს ამოღებულია 13,5 კილოგრამი ოქროს ნაწარმი, რომლის საერთო ღირებულება 910 000 ლარს შეადგენს.