“ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა რურუა სოციალურ ქსელში აღმაშენებლის გამზირზე გამართულ “ქართველთა მარშს” ეხმაურება:
“მიზანი ე.წ. “ქართული მარშისა”, რომელიც აღმაშენებელზე ჩატარდა და რომელიც, ამავდროულად, უდაოდ რუსეთში დაიწერა, რამდენიმეა:
1 – მოხდეს საზოგადოების ფრაგმენტაცია და ახალი დაძაბულობის კერების შექმნა.
2 – მოხდეს ეთნიკური უმცირესობების გაუცხოება და პროვოცირება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში.
3 – ნელ-ნელა მოხდეს რეალური ეროვნული ამოცანების (NATO-ში და EU-ში გაწევრიანება, დეოკუპაცია, კორუფციის აღმოფხვრა, და სხვა აუცილებელი რეფორმები) ჩანაცვლება ყალბი მიზნებით, როგორიცაა “უცხოელ პედოფილ კრიმინალებთან ბრძოლა” და ა.შ.
4 – მოხდეს ნორმალურ ხალხში პოლიტიკისადმი და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობისადმი გაუცხოება – ანუ, მოხდეს ზოგადად ხალხის დაშინება და აპათიაში ჩაგდება.
5 – მოხდეს ღირებულებითი ჩანაცვლება ნამდვილი ღირებულებების ყალბი, გამოგონილი და ემოციურ პორნოგრაფიაზე დაფუძნებული ფსევდო-ღირებულებებით.
ესაა ე.წ. “ქართული მარშის” იდეს ავტორთა გეგმა. როგორ შეიძლება ის სხვაგან დაწერილიყო, ვიდრე ეს რუსეთის ფსბ-ა?!
P.S. ამ მარშის მხოლოდ “ფაშისტურად” მონათვლა ჩვენი საქმის გაიოლებაა; მისი მიზნების არდანახვა და ჩვენი ქვეყნის მათგან თავდაცვისათვის აუცილებელი ქმედებების გაპრიმიტიულება, რაც არ შედის ქვეყნის ინტერესებში. იმისთვის, რომ დავიცვათ ქვეყანა, უნდა ვიცოდეთ რას აპირებს მტერი და რა გზებით ცდილობს საკუთარი მიზნების მიღწევას”, – წერს ნიკა რურუა.