„საინტერესო ინფორმაციაა, ამდენი ხანი რატომ დუმდა? წესით, დიდი ხნის წინ უნდა ეთქვა, თუ მსგავსი რამ იცოდა. ცხადია, ეს აბსოლუტური ტყუილია“, – ასე გამოეხმაურა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი, სოზარ სუბარი, სამინისტროსვე ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი კორძაიას, ბრალდებებს, რომ 2013 წლის 18 დეკემბერს მას სუბარმა დაუდასტურა, რომ წინა დღეს ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაყვანა მოხდა.
სოზარ სუბარის თქმით, კორძაიასთან მსგავსი საუბარი არ ჰქონია. მინისტრი ამტკიცებს, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ მომხდარა.
სოზარ სუბარი ირაკლი კორძაიას ბრალდებას, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანაზე კამერების ჩანაწერებთან დაკავშირებით ე.წ. მესიჯბოქსის დალაგებას ცდილობდა, “ტყუილს” უწოდებს.
„მესიჯბოქსი თუ მუშავდებოდა, თვითონ უნდა შეემუშავებინა, თვითონ იყო პრესსამსახურის უფროსი“, – აღნიშნა სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა.
სოზარ სუბარი გამორიცხავს, რომ მისი გვერდის ავლით შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაეყვანათ.
„რამდენიმე ათეული კამერა ვნახეთ, რომელიც ასახავს ყველა გზას, რაც კი მე-9 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების სამინისტრომდე არსებობს. შეუძლებელია, რომელიმე კამერაზე ეს ჩანაწერი არ ყოფილიყო მანქანების გადაადგილება, შესაბამისად, ეს არის ტყუილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარი ირაკლი კორძაიას განცხადებაზე, რომ მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის შემდეგ თანამშრომლებს პრემიები ჩაერიცხათ, ამბობს, რომ პრემიების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსგან გაიგო. მისი თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დიმიტრი დარბაისელს პრემია არ აუღია.
სოზარ სუბარის თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი საქვეუწყებო დეპარტამენტი იყო, რომლის ფინანსებზე სამინისტროს წვდომა არ ჰქონდა.
„ვიყავი უაღრესად აღშფოთებული და ჩემი აღშფოთება პრემიერმინისტრსაც გავუზიარე. არ დამიმალავს პრესასთანაც. მთავრობის სხდომის შემდეგ ვთქვი, რომ ეს დაუშვებელია“, – განაცხადა სუბარმა, რომელიც აღნიშნავს, რომ პრემიების ვანო მერაბიშვილთან საკნიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირება აბსურდია.
წყარო: rustavi2.ge