რუსეთის მიერ საქართველოს ავიახაზებისთვის ფრენების შეზღუდვას ქართულ კომპანიაში გამოეხმაურნენ. “აირზენა-ჯორჯიან-ეარვეისი” ეკონომიკის სამინისტროსგან დაუყონებლივ რეაგირებას ითხოვს.
„გვაქვს სიტუაცია, როდესაც რუსული კომპანია ისევ 21 რეისს ასრულებს კვირაში თბილისი-მოსკოვის ხაზზე. ჩვენ დაგვიტოვეს 17 სიხშირე, თან ისე, რომ წინასწარი გაფრთხილების გარეშე, უბრალოდ, უცებ გააჩერეს ნებართვები. საქართველომაც ადეკვატური ზომები უნდა გაატაროს, რაც იქნებოდა, ჩვენი აზრით, იმის საპასუხო, რომ ვთქვათ, იგივე რუსული ავიკომპანიისთვისაც სიხშირე შეეზღუდათ მანამ, სანამ ჯორჯიან ეარვეისის ფრენები არ აღდგებოდა“, – განაცხადა ჯორჯიან ეარვეისის გენერალურმა დირექტორმა, ივი დავითაშვილმა “რუსთავი 2”-თან.
ცნობისთვის, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების“ რეისები შეზღუდა, ვინაიდან ქართული მხარე რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ მიმართ თავის ვალდებულებებს არ ასრულებს, – აღნიშნულის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
გუშინ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ თბილისი-მოსკოვის კვირაში ოთხი რეისი გააუქმა. რუსეთის ტრანპორტის სამინისტროში ეს ინფორმაცია დაადასტურეს.
„ეს შეზღუდვა საპასუხო ნაბიჯია, ვინაიდან მაისიდან ქართული მხარე „ურალის ავიახაზებს“ „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან კვირაში ოთხი რეისის განხორციელების საშუალებას არ აძლევს“, – განაცხადეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში.
მათი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2014 წლის 15 სექტემბრიდან განახლდა. „საქართველოს ავიახაზები“ მოსკოვის მიმართულებით კვირაში 14-18 რეისს ასრულებს.