რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ „საქართველოს ავიახაზების“ რეისები შეზღუდა, ვინაიდან ქართული მხარე რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ მიმართ თავის ვალდებულებებს არ ასრულებს, – აღნიშნულის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
გუშინ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ თბილისი-მოსკოვის კვირაში ოთხი რეისი გააუქმა. რუსეთის ტრანპორტის სამინისტროში ეს ინფორმაცია დაადასტურეს.
„ეს შეზღუდვა საპასუხო ნაბიჯია, ვინაიდან მაისიდან ქართული მხარე „ურალის ავიახაზებს“ „ჟუკოვსკის“ აეროპორტიდან კვირაში ოთხი რეისის განხორციელების საშუალებას არ აძლევს“, – განაცხადეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში.
მათი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2014 წლის 15 სექტემბრიდან განახლდა. „საქართველოს ავიახაზები“ მოსკოვის მიმართულებით კვირაში 14-18 რეისს ასრულებს.