რა შინაარსის იყო პუნქტი სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულებიდან, რომელიც სააკაშვილმა ამოიღო
მცოცავი ოკუპაციის ფონზე, სულ უფრო აქტიურად ისმის კითხვები, რატომ არ აყენებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება 2008 წლის 12 აგვისტოს მედვედევი-სარკოზის ხელშეკრულების შესრულების საკითხს. აქვს თუ არა აზრი ამ ხელშეკრულებაზე საუბარს? ვინ არის პასუხისმგებელი მის შესრულებაზე? „მეტრონომთან“ ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ შეთანხმების შესრულების მოთხოვნას აზრი არა აქვს, რადგანაც ის დროში გაწერილი არ ყოფილა და მას მხოლოდ ერთჯერადი დატვირთვა ჰქონდა. მათი აზრით, ასეთი ხელშეკრულებების არშესრულება ხშირია და უმეტასად მისი დარღვევა ხდება.
ექსპერტების მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთი გამოსავალი, რითაც საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნის შესრულება შეუძლია, მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებაა. მათი თქმით, სწორედ ჟენევის ფორმატი არის იმისთვის შექმნილი, რომ ამ ხელშეკრულების შესრულება მოხდეს, რომელზეც პასუხისმგებელი თავის მხრივ ევროკავშირია.
შეგახსენებთ, საუბარია 2008 წლის 12 აგვისტოზე, როდესაც ევროკავშირის იმჟამინდელი თავმჯდომარე, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თბილისში ჩამოვიდა, რუსეთის ავიაცია ჯერ ისევ ბომბავდა საქართველოს ტერიტორიებს და ვრცელდებოდა არაერთი ცნობა ქართული სოფლებიდან ქართველების დევნისა და მათთან ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ.
სარკოზი თბილისში მოსკოვიდან ჩამოვიდა და თან რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმებული გეგმა ჩამოიტანა, რომელსაც,ოფიციალური ინფორმაციით, გარკვეული ცვლილებების შემდეგ, საქართველომ – 15 აგვისტოს, ხოლო რუსეთმა 16 აგვისტოს მოაწერეს ხელი. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ცნობილია 12 აგვისტოს ხელშეკრულების სახელით, რომელსაც ხშირად და სხვადასხვა დონეზე სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიან გეგმასაც უწოდებენ.
მოსკოვიდან ღამით ჩამოსული, აეროპორტიდან ის პირდაპირ პრეზიდენტ სააკაშვილთან მოსალაპარაკებლად გაემართა და რთული საუბრის შემდეგ ასეთი განცხადება გააკეთა:
„სავსებით ნორმალურია, რომ რუსეთს სურს დაიცვას თავისი ინტერესები და რუსების ინტერესები რუსეთის შიგნით, ისევე როგორც რუსულენოვანი მოსახლეობისა რუსეთს გარეთ… და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ვგულისხმობ საერთაშორისო თანამეგობრობას, გვსურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გარანტიის შექმნა”.
მედვედევთან უკვე შეთანხმებულ ხელმოსაწერ დოკუმენტს, საქართველოს პრეზიდენტმა მხოლოდ სამი დღის შემდეგ, გარკვეული ცვლილებების შეტანის მერე, 15 აგვისტოს მოაწერა ხელი. ხელმოწერას წინ უსწრებდა შეერთებული შტატების მაშინდელ სახელმწიფო მდივანთან, კონდოლიზა რაისთან, თბილისში გამართული ოთხსაათნახევრიანი საუბარი. იმ დღეს ითქვა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა საფრანგეთის შუამავლობით მომზადებულ დოკუმენტს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
თუმცა, როდესაც მეორე დღეს რუსეთის ხელმოწერის ჯერი დადგა, კრემლმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ ერთობლივად მომზადებულ გეგმას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა ქართულ და ოსურ მხარეებს და რომელზეც ხელმოწერა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერებმაც დატოვეს. კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 16 აგვისტოს ხაზგასმით აღნიშნა, ჩვენ სააკაშვილის მიერ შემოკლებული და გადაკეთებული დოკუმენტისთვის ხელი არ მოგვიწერია, ჩვენ ხელი სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას მოვაწერეთო. ამით რუსეთი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს აგვისტოს ომში რუსეთი არა აგრესიულ მხარედ, არამედ კონფლიქტის დარეგულირების მსურველ ძალად ჰყავდა წარმოდგენილი.
12 აგვისტოს შეთანხმება 8 სექტემბერს კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვით დაზუსტდა და სწორედ ამ დოკუმენტის გათვალისწინებით შემოვიდნენ საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეები. თუმცა, იმ დროისთვის კრემლს საქართველოს სეპარატისტული რეგიონები უკვე დამოუკიდებელ ქვეყნებად ჰყავდა აღიარებული. მსოფლიო ლიდერები სამშვიდობო შეთანხმებების შესრულებას რუსეთს სხვადასხვა ტრიბუნიდან მუდმივად, მაგრამ ჯერ ისევ ამაოდ შეახსენებენ.
მხარეთა 2008 წლის 12 აგვისტოს მედვედევის-სარკოზის გეგმით გათვალისწინებული იყო, რომ რუსეთს შემდეგი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა;
1 – შეიარაღებულ ძალთა გაყვანა
ყველა რუსული საჯარისო შენაერთის ფოთიდან სენაკამდე 5 ბლოკ-საგუშაგოდან მაქსიმუმ 7 დღის ვადაში გაყვანა, 8 სექტემბერს ხელმოწერილი იმ სამართლებრივი დოკუმენტის გათვალისწინებით, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების ვალდებულებას.
რუსული სამშვიდობო ჯარების სრული გაყვანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებიდან და მათი დაბრუნება იმ პოზიციებზე, სადაც ისინი შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე იმყოფებოდნენ.
2 – საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმები
UNOMIG-ის საერთაშორისო დამკვირვებლები გააგრძელებენ თავიანთი მანდატით განსაზღვრულ საქმიანობას მათი პასუხისმგებლობის ზონებში იმავე რაოდენობრივი შემადგენლობითა და განლაგების სქემის მიხედვით, როგორც იყვნენ 2008 წლის 7 აგვისტოს, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭოს შესაძლო მომავალი გადაწყვეტილება არ შეიტანს რაიმე ცვლილებას.
ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლები გააგრძელებენ თავიანთი მანდატით განსაზღვრულ საქმიანობას მათი პასუხისმგებლობის ზონებში იმავე რაოდენობრივი შემადგენლობითა და განლაგების სქემის მიხედვით, როგორც იყვნენ 2008 წლის 7 აგვისტოს, ვიდრე ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს შესაძლო მომავალი გადაწყვეტილება არ შეიტანს რაიმე ცვლილებას.
უნდა დაჩქარდეს მოსამზადებელი ღონისძიებები, რათა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში განლაგდნენ საკმარისი რაოდენობის დამატებითი დამკვირვებლები, რათა მათ ჩაანაცვლონ რუსული სამშვიდობო ჯარები 2008 წლის 1 ოქტომბრამდე, ამ დამკვირვებელთაგან არანაკლებ 200 გამოაგზავნის ევროკავშირი.
ევროკავშირი, როგორც ძალის არგამოყენების პრინციპის გარანტორი არსებული სადამკვირვებლო მექანიზმების გარდა, დამატებით აქტიურად ამზადებს სადამკვირვებლო მისიის განლაგებას.
3 – საერთაშორისო დებატები (მოლაპარაკებები)
მედვედევ-სარკოზის მიერ ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული საერთაშორისო მოლაპარაკებები დაიწყება 2008 წლის 15 ოქტომბერს ქ. ჟენევაში. მოსამზადებელი საუბრები დაიწყება უკვე სექტემბერში.
ისინი ძირითადად შეეხება:
– რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ღონისძიებებს;
– ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა საკითხი, საერთაშორისო დონეზე აღიარებული პრინციპებისა და პოსტ-კონფლიქტური დარეგულირების პრაქტიკის საფუძველზე;
– მხარეთა ერთობლივი თანხმობით დამატებით, ნებისმიერი სხვა საკითხი.
გავრცელებულია 2008 წლის 10 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
საერთაშორისო საკითხების ექსპერტ სოსო ცინცაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ მედვედევი-სარკოზის ხელშეკრულება არ არის ბიბლიური დოგმა, რომელიც შეიძლება სულ არსებობდეს. ცინცაძის განცხადებით, ყველა ხელშეკრულებას ვადა გასდის, მითუმეტეს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულება დროში გაწერილი არ ყოფილა.
მისი თქმით, ასევე არ მოხდა ამ ხელშეკრულების რატიფიცირება, რათა მისი ლეგიტიმურობა კიდევ უფრო გაძლიერებულიყო. თუმცა, ექსპერტი აქვე დასძენს, რომ რატიფიცირებაც შეუძლებელი იყო, რადგანაც მაშინ ხელშეკრულების შესრულებაზე ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებასთან უნდა შევთანხმებულიყავით. რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მისი როგორც სახელმწიფო უნდა გვეღიარებინა.
ექსპერტის თქმით, ეს ხელშეკრულება უბრალოდ, ევროკავშირმა მიივიწყა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებისგან მისი შესრულების მოთხოვნას აზრი არა აქვს, რადგანაც ევროპას ახლა თავისი ათასი პრობლემა აქვს და ამ შეთანხმების შეესრულებისთვის დიდად არ სცხელა.
„მედვედევი-სარკოზის ხელშეკრულება 12 და 15 წლით გაწერილი შეთანხმება არ ყოფილა. ეს არ იყო ვადაში შეთანხმებული ხელშეკრულება. ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, სადაც საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი სარკოზი, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე იყო. ამიტომ საქართველო საფრანგეთს ვერაფერს მოსთხოვს, რადგანაც ეს ხელშეკრულება ევროკაშირის სახელით დაიდო. ეს არის პრემინიმალური, ანუ ხელშეკრულება, სადაც მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმდებიან და სამხედროების ომამდე დისლოკაციის ადგილას დაბრუნებას გულისხმობს.
შემდეგ კი უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკებები. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მაშინ შეცდომა დაუშვა, როდესაც სარკოზის მიერ ჩამოტანილ ხელშეკრულებაში მე-6 პუნქტის ამოღება მოითხოვა, სადაც ევროკავშირის ეგიდიდ უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკება ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსზე.
ვინაიდან კონფლიქტი ამ ტერიტორიას ეხებოდა. შემდეგ მოხდა ისე, რომ რუსეთმა თავისი ჯარები იქიდან არ გაიყვანა და პუტინმა იმ მომენტით ისარგებლა, რომ მაინც და მაინც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნიდან მის ქმედაბზე უარყოფითი დამოკიდებულება არ ჰქონდათ. ამიტომ ის პუნქტები, რაც მედვედევ-სარკოზის შეთანხმებაში იყო ამაზე მოლაპარაკება რუსეთმა საქართველოსთან არ დაიწყო.
შემდეგ მოხდა კოსოვოს აღიარება, რითაც პუტინმა კიდევ ერთხელ ისარგებლა და მან სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს იყო დასავლეთის ქმედებაზე ადეკვატური პასუხი. ამიტომ ჩვენი ქვეყანა ჩავარდა გამოუვალ მდგომარეობაში და ამ ხელშეკრულების აღიარებაზე დავის ბერკეტი თითქმის დაკარგა“,- ამბობს ცინცაძე „მეტრონომთან“
მისი თქმით, სააკაშვილი აფრთხილებდა ევროპას, რომ ეს საქართველოს ბუმერანგივით შემოუბრუნდებოდა, მაგრამ მაშინ დასავლეთს საკუთარი ინეტერესები ამოძრავებდა და საქართველოს ფაქტორის გაზიარება არ მოხდა. ცინცაძის განცხადებით, ამიტომაც მოხდა, რომ რუსეთმა მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულება ბოლომდე არ შეასრულა. ცინცაძე ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ათასჯერ უფრო სერიოზული ხელშეკრულებების ცინიკურად დარღვევა მომხდარა.
ცინცაძეს მიაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან სარკოზ-მედვედევის ხელშეკრულების შესრულება ევროკავშირს უნდა მოვთხოვოთ, თუმცა, ექსპერტი ფიქრობს, რომ ამას უკვე აზრი აღარ აქვს.
მისივე თქმით, პუტინმა ე.წ. მცოცავი ოკუპაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილი პუტინს რაღაცას დაჰპირდა, რომელიც არ შეასრულა და სწორედ ამიტომ, კრემლმა ე.წ. ბორდერიზაციით საქართველოს შანტაჟი დაიწყო.
სოსო ცინცაძისგან განსხვავებით, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავარი ბერკეტი, სწორედ მედვედევი-სარკოზის ხელშეკრულებაა, რომლის შესახებაც ყველა ფორმატის შეხვედარზე უნდა ისაუბროს.
მისი თქმით, არა აქვს მნიშვნელობა ხელშეკრულებიდან რა დროა გასული, რადგანაც ხელშეკრულებაში შეთანხმებული პუნქტების შესრულება არ მოხდა. მენაღარიშვილის განცხადებით, აბსურდია რუსეთის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ ეს დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს და ის არვის უნახავს, რადგანაც ამას საერთაშორისო სამართალისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.
მთავარია მისი აღიარება საერთაშორისო დონეზე მოხდა და მხარეების მიერ ხელშეკრულებაში მოცემულ პუნქტზე შეთანხმება შედგა. მისი თქმით, როგორც ყოველთვის, წყალს რუსეთი ამღვრევს. ლავროვის და მისი მოადგილის განცხადებები, რომ გვეჩვენებინა სად არსებობს ეს შეეთანხმება, პოლიტიკური სპეკულაციებია.
„ქაღალდზე ორი ხელმოწერილი ხელშეკრულება შეიძლება საერთოდ მართლაც არ არსებობს, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ შეთანხმება არ შედგა. ბუნებაში ასეთი შეთანხმება არსებობს და ის საერთაშორისო სამართლით აღიარებულია. აქ მთავარი დოკუმენტთან დავა არ არის. მნიშვნელოვანი ის მოვლენებია, რომელიც ამ ხელშეკრულების მიღების შემდეგ განვითარდა.
რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაარსა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რამაც ხელშეკრულების შინაარსი თავდაყირა დააყენა და ბუნდოვანი გახადა. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი რუსეთის ინტერესის მცირე ნაწილია, მის ძირითად მიზანს ის წარმოადგენს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული ჩამოცილება მოხდეს ამ საკითხიდან.
საქართველოს ხელისუფლება ზუსტად ჟენევის ფორმატში აყენებს მედვედევი-სარკოზის ხელშეკრულების საკითხს და ყველგან, ყველა შეხვედრის დროს, ამ შეთანხმების შესრულებას ითხოვს. ამ პუნქტების შესრულება ნიშნავს, რომ რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს საქართველოს ლეგიტიმური ტერიტორიიდან.
რუსები ამბობენ, რომ ის რაც საქართველოს ტერიტორიად მიაჩნდათ, მათ სამხედროები გაიყვანეს. ისინი ამბობენ, რომ გორიდან, კასპის და ზუგდიდის რაიონებიდან შეიარაღებული ძალები 2008 წელს გაიყვანეს. მათ სურთ, რომ სწოერდ ეს ტერიტორიები გაასაღონ ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნის პირობის შესრულებად“, – ამბობს მენაღარიშვილი „მეტრონომთან“.
მისი თქმით, ჟენევის ფორმატი ქართული და რუსული მხარის შეხვედრაა, რომლის მიზანიც, ცნობილი მედვედევი-სარკოზის დოკუმენტის შესრულებაა. თუმცა, მენაღარიშვილის განცხადებით, რუსეთის ოფიციალური უწყება, ამ შეხვედრას ხან კონსულტაციებს უწოდებს, ხან სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების შესახებ მსჯელობას.
ექსპერტის განცხადებით, კრემლი ცდილობს, რომ მომლაპარაკებელ მხარეებად ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტებად სამხრეთ და აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება წარმოადგინონ. მენაღარიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მართალია ევროკავშირთან ყოველთვის აყენებს ამ ხელშეკრულების შესრულების საკითხს, მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი, რადგანაც შედეგი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია უნდა იყოს.
ავტორი: ელზა პაპოშვილი