შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას არ გამორიცხავს. მისი თქმით, კანონის გაუქმება მანამდე არ მოხდება, სანამ ოკუპაცია არ დასრულდება. კანონის მთავარი მიზანი იქნება, რომ ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ადამიანების ყოფის გაუმჯობესება მოხდეს. ციხელაშვილის აზრით, საქართველომ უნდა მოახერხოს, რომ კონფლიქტის შედეგად გაყოფილ აფხაზსა და ოს ერთან საერთო ენა გამონახოს და მათთან დაახლოების გზებზე იფიქროს.
„კანონის გაუქმება არ იგეგმება, ვიდრე მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ ამ კანონს გავაუქმებთ მაშინ, როდესაც შეწყდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მოხდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. რაც შეეხება კანონში ცვლილებებს, მე ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ კანონში ცვლილებები განხორციელებულა წლების განმავლობაში და მე ვფიქრობ, სწორი მიმართულებით.
არ არის გამორიცხული, მომავალში ჩვენ ვიმუშავოთ გარკვეულ ცვლილებებზე, რომელიც მიმართული იქნება ადამიანების ყოფის შემსუბუქებისაკენ, ვინაიდან პრინციპი ამ კანონის გახლავთ, ერთი მხრივ, ოკუპაციის წინააღმდეგ სამართლებრივი ინსტრუმენტის არსებობა და ეს იარსებებს; მეორე მხრივ, მის ამოცანას არ წარმოადგენს ადამიანების წინააღმდეგ რაიმე ქმედებების განხორციელება.
ამიტომ ყველა ის ზომა იქნება მიღებული, რომელიც ჯდება ჩვენი შერიგების და ჩართულობის პოლიტიკაში, ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკაში, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოფის გაუმჯობესებაზე, კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოების დაახლოებაზე, მეტი სარგებლის მიწოდებაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციიდან თუ ჩვენს პარტნიორებთან სხვა თანამშრომლობის ფორმატებიდან გამომდინარე სარგებლის მოწოდებაზე – ასეთი ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს და არ გამოვრიცხავ, ამ მიმართულებით გვქონდეს გარკვეული მსჯელობები, სიახლეები და ეს არ ეხება მხოლოდ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.