დღეს “ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებულების საპროტესტო აქცია გაიმართა მთავარ პროკურატურასთან. დაზარალებული მოვაჭრეები და მოიჯარეები მთავარ პროკურორს მომხდარის სწრაფ გამოძიებას სთხოვენ. ისინი მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ.
„სამარცხვინო პროკურატურამ, 4 თვის მანძილზე, ვერ ჩაატარა ექსპერტიზა, გადაწვეს თუ თვითონ დაიწვა. 8 კერა ერთდროულად ინდურ ფილმებში არ ჩნდება. კვირიკაშვილთან მივედით და ვუთხარით, რომ სავალდებულო დაზღვევა შემოეღო, თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებდა ესეიგი სხვა ბაზრობები უნდა გადაეწვათ. ჩვენი მოთხოვნის იგნორირების შემდეგ, გადაიწვა ელიავა და გუშინ გადაიწვა ძალიან საეჭვო ვითარებაში ფოთის ბაზრობა,“ – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
“ბავშვთა სამყაროს” მოიჯარე ნანი მოწონელიძე ამბობს, რომ გამოსახლების საშიშროების წინაშე დგანან. მისი თქმით, მათი მოთხოვნა შოთაძის გადადგომას უკავშირდება.