საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უშიშროების საბჭოს ოკუპაციის საკითხი არ ეხება. მიშველაძის თქმით, ასეთი განცხადებების ფონზე იზოლაციაში პრეზიდენტი კი არა თავად მმართველი გუნდია. მისივე განცხადებით, სამწუხარო იქნება თუ ხელისუფლება საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი გახდება.
„განცხადებები იმის თაობაზე რაც ისმის ბოლო დროს, რომ უშიშროების საბჭოს არ ეხება ოკუპაცია, რომ კონსტიტუციის განხილვა არ ეხება ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს და კონსტიტუციის გარანტს, ჩვენი აზრით, ზოგადად სცილდება კონვენტირების ზღვარსაც კი.
ასეთ ვითარებაში პრეზიდენტი კი არ არის იზოლაციაში, არამედ მმართველი გუნდი აღმოჩნდა იზოლაციაში, რასაც ჩვენ თავიდანვე აღვნიშნავდით და ასევე სამწუხაროდ იქმნება საფრთხე, რომ მმართველი გუნდი გახდეს საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი,“-განაცხადა პრეზიდნეტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.