აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რა მოხდა G20-ზე და პუტინ-ტრამპის ხანგრძლივი შეხვედრა, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

“მეტრონომის” ექსკლუზიური ინტერვიუ ანალიტიკოსთან სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძესთან

„დიდი ოცეულის“ შეხვედრა დღის წესრიგში ისევ დგას. საინტერესოა, რა შედეგები მოიტანა ამ შეხვედრამ და მცირე გავლენას მაინც თუ იქონიებს ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ტრამპი-პუტინის შეხვედრამ ჩაკეტილ კარს მიღმა, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა – ეს იყო შეხმატკბილებული საუბარი, თუ უამრავი დაგროვებული პრობლემა, რომელთა განხილვასაც ორმა პრეზიდენტა ამდენი ხანი მოანდომა. ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე „მეტრონომთან“ „დიდი ოცეულის“ შეხვედრას აფასებს. მისი თქმით, რომ არა ორმხრივი სურვილი, ტრამპი გრაფიკს მოიმიზეზებდა და პუტინთან შეხვედრის დროს, საუბარს ადრე დაასრულებდა.

G20-4

სალუქვაძის თქმით, ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობა და მთელ რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობა შეხვედრის ფორმატზეც აისახა. სალუქვაძის განცხადებით, მთავარ საკითხებზე, რის გამოც პრინციპში შეიკრიბა ოცეული, მსოფლიო ლიდერებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

სალუქვაძის განცხადებით, მას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ოცეულის სამიტზე რუსეთის გაკიცხვა მოხდებოდა. მეტიც, ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ  რუსეთის ლიდერს საკმაოდ ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა.

მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ოცეულის სამიტზე არ მომხდარა და არც უნდა მომხდარიყო. საქართველოს შეტანა ოცეულის დღის წესრიგში შევიდოდა იმ შემთხვევაში, თუ აქ საომარი მოქმედებები განახლდებოდა. სამიტზე ცალკე უკრაინის საკითხიც კი არ განუხილავთ.

“დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილზე 4-ჯერ მეტ ხანს (30 წუთის ნაცვლად, 2 საათსა და 16 წუთს) გაგარძელდა.

G20-2

ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა სირიის, კიბერუსაფრთხოებისა და ტერორიზმის საკითხები განიხილეს. თუმცა, ამირან სალუქვაძის განცხადებით,  შეხვედრის ხანგრძლივობა მიუთითებს, რომ დახურულ კარს მიღმა კიდევ სხვა ბევრი საკითხის განხილვა მოხდა, რასაც დრო გამოაჩენს.

ამირან სალუქვაძე: საკმაოდ დაძაბული სამიტი იყო, ანტიგლობალისტების ალბათ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რამაც G20-ის ლიდერების და სხვა მონაწილეთა გადაადგილებასაც კი შეუქმნა დისკომფორტი. ჩემი შეფასებით, სამიტი უფრო წარმატებული ორმხრივი შეხვედრების მხრივ იყო, ვიდრე ოცეულის ფორმატში, რადგან რაიმე გარღვევას, ან წინსვლას სამიტზე გამოტანილ საკითხებში, არ ჰქონია.

პირველ დღეს ერთობლივ ფოტოგრაფირებასთან ერთად, რომელსაც ასევე საინტერესო შეფასებები მოჰყვა, განიხილეს გლობალური უსაფრთხოების და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები. თუმცა, ქმედითი შეთანხმება უფრო აშშ-ის და რუსეთის ლიდერების შემდეგ გაცხადდა. კერძოდ, მოილაპარაკეს სირიის სამხრეთ-დასავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დეესკალაციის ზონის შექმნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

მეორე დღეს ლიდერებმა იმსჯელეს კლიმატის ცვლილებასა და ეკონომიკაზე. ორი საკითხი იყო, რაზეც მხარეები უპრობლემოდ შეთანხმდნენ. ეს საკითხებია უფრო აქტიური – ინვესტირება აფრიკის სახელმწიფოებში და შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და ელექტრონული ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ.

მთავარ საკითხებზე, რის გამოც პრინციპში შეიკრიბა ოცეული, მსოფლიო ლიდერებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ცხარე დისკუსია იყო პროტექციონიზმთან დაკავშირებით ეკონომიკაში. დონალდ ტრამპმა სამიტზე მსხდომთ პრეტენზია წაუყენა. მისი განცხადებით, აშშ-ის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი შეადგენს 800 მლრდ დოლარს და ეს მის ირგვლივ მსხდომი ლიდერების ბრალია. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მწვავე საკითხი იყო კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული დისკუსიაც.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პარიზის შეთანხმება კლიმატთან დაკავშირებით გადახედვას არ ექვემდებარება. თუმცა ამ შეთანხმებაში არ იქნება აშშ. დონალდ ტრამპმა დააფიქსირა საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ადგა და დარბაზი დატოვა. როგორც ცნობილი გახდა ის პუტინთან შესახვედრად გაემართა, რომელიც კლიმატის შესახებ დისკუსიას საერთოდ არ დასწრებია. აი ასეთია ოცეულის მუშაობის მოკლე შედეგები.

„მეტრონომი“: რუსეთთან მიმართებაში რა სახის მოლოდინები არსებობდა და როგორი იყო ტრამპის და პუტინის შეხვედრა?

– პირადად არანაირი მოლოდინი არ მქონია, რომ ოცეულის სამიტზე რუსეთის გაკიცხვა მოხდებოდა. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ლიდერს საკმაოდ ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა. ის შეხვდა თურქეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის და სხვა ქვეყნების ლიდერებს. სამხრივი შეხვედრა ჰქონდა მაკრონთან და მერკელთან უკრაინის საკითხზე. შეთანხმდნენ, რომ დაუბრუნდებიან ნორმანდიულ ფორმატს. პუტინი შეხვდა ევროკავშირის პრეზიდენტს, ჟან კლოდ იუნკერს. რა თქმა უნდა, ცალკე გამოსაყოფია პუტინის და ტრამპის შეხვედრა, რომელიც ამ ორი ლიდერის პირველი მოლაპარაკება იყო პირისპირ, მსოფლიო მედიის მთავარ თემად იქცა.

– მოხდა თუ არა საქართველოს თემის განხილვა პუტინისა და ტრამპის შეხვედრის დროს?

– საქართველოს განხილვა ოცეულის სამიტზე არ მომხდარა და არც უნდა მომხდარიყო. საქართველოს შეტანა ოცეულის დღის წესრიგში შევიდოდა იმ შემთხვევაში, თუ აქ საომარი მოქმედებები განახლდებოდა. სამიტზე ცალკე უკრაინის საკითხიც კი არ განუხილავთ, იმის მიუხედავად, რომ დონბასში ყოველდღე ისვრიან და განსაკუთრებით გამწვავებული იყო სამიტის წინა დღეებში.

G20-3

უკრაინასთან დაკავშირებით მხოლოდ მაკრონ-მერკელ-პუტინის სამხრივ შეხვედრაზე იყო საუბარი. G20-ის ლიდერებმა უსაფრთხოების საკითხებზე დახურულ ფორმატში, ვიწრო წრეში იმსჯელეს და რა საკითხები, რა ტონალობაში იქნა განხილული, აუწიეს თუ არა ვინმეს ყური, სხდომის დარბაზს მიღმა არ გაჟღერებულა. ოცეული არაა არც გაერო, არც ეუთო. საქართველოს საკითხის განხილვის მოლოდინი ჩვენს საზოგადოებაში არ უნდა ყოფილიყო. თუ ვინმე ამ განცხადებებს აკეთებს, პოლიტიკური სპეკულაციაა და სხვა არაფერი.

– რუსეთთან მიმართებაში იყო თუ არა დასავლეთი მკაცრი და რა მოლოდინი არსებობს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. ტრამპის და პუტინის  შეხვედრა დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა, ვის უფრო აწყობდა ამდენი ხანი შეხვედრის გაგრძელება?

– სამიტზე ოცეულის ლიდერები საერთოდ იყვნენ მკაცრნი ერთმანეთის მიმართ. განსაკუთრებით მწვავე გამოსვლა პოლონეთში ვიზიტისას ჰქონდა დონალდ ტრამპს, როცა მან რუსეთს მოუწოდა არჩევანის გაკეთებისკენ ყოფილიყო, ან ცივილიზებულ სამყაროსთან, ან ასადის მსგავსი ლიდერების გვერდით.

თუმცა, ჰამბურგის სამიტზე რაიმე განსაკუთრებული რუსეთის მიმართ არ დაფიქსირებულა. ანალიტიკოსებისთვის ყურადსაღები უნდა იყოს ოცეულის სამიტის წინ დაძაბულობა აშშ-ჩინეთს და პირიქით, დაახლოება ჩინეთ-რუსეთს შორის. სამიტამდე ერთი კვირით ადრე აშშ-მ გადაწყვეტილება მიიღო ტაივანს 1,5 მლრდ. დოლარის შეიარაღება მიაწოდოს, რაც პეკინისთვის მტკივნეული თემაა.

ასევე ადგილი ჰქონდა საზღვაო ინციდენტს აშშ-ჩინეთს შორის ჩინეთის სადაო კუნძულებზე. სამიტზე ტრამპმა ჩინეთს ჩრდილოეთ კორეაზე ზემოქმედება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხის ცალმხრივად მოგვარება დაანონსა. ჩინეთის ლიდერი კი ჰამბურგში მოსკოვის გავლით ჩავიდა, სადაც ორდღიანი ვიზიტი ჰქონდა.

ხელი მოეწერა ორმოცამდე ხელშეკრულებას და შეთანხმებას ორ სახელმწიფოს შორის საერთაშორისო საკითხებში. დოკუმენტის თანახმად ჩინეთი და რუსეთი ერთ პოზიციაზე არიან სირიის, ჩრდილოეთ კორეის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში. პუტინი და სი ცინპინი შეთანხმდნენ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში შეინარჩუნონ ერთობა.

ამ ფონზე განხორციელდა ამერიკის და რუსეთის ლიდერები შეხვედრა. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამ მოლაპარაკების წარმატება პუტინის ინტერესში იყო და ეს იგრძნობოდა კიდეც. მსოფლიო მედია და საექსპერტო საზოგადოება მოიცვა იმ ფაქტმა, რომ დაგეგმილი 35 წუთის ნაცვლად მათი შეხვედრა 2,15 წუთს გაგრძელდა. ტრამპის ადმინისტრაციამ ამერიკის პირველ ლედის სთხოვა შეეხსენებინა მეუღლისთვის რეგლამენტი. ამის შესახებ რექს ტილერსონმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მიუხედავად მელანიას ჩართვისა, შეხვედრა კიდევ ერთ საათს გაგრძელდა.

ეს ალბათ მეტყველებს ორმხრივ ინტერესზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ტრამპის ხასიათს გავითვალისწინებთ, მას ვერავინ დააკავებდა ამდენ ხანს. საერთოდ ტრამპი ცნობილია ხანმოკლე მოლაპარაკებებით. ის ერდოღანს ვაშინგტონში სულ 20 წუთის მანძილზე ესაუბრა, პოროშენკოს 6 წუთი და ა.შ.

მოლაპარაკების შემდეგ ლავროვმა სირიასთან დაკავშირებული შეთანხმება გაახმოვანა, რომლის თანახმადაც აშშ და რუსეთი სირიის სამხრეთ-დასავლეთში ცეცხლის შეწყვეტის და დეესკალაციის ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკება ტრამპმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე შეაფასა. კმაყოფილება არც პუტინს დაუმალავს. თუმცა, ეს ხანგრძლივი შეხვედრა არ ნიშნავს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ან გაუქმდება ან შერბილდება.

ამასთან დაკავშირებით ვაშინგტონში კიდევ ერთი კანონპროექტი მზადდება, რომელზეც ტრამპს ვეტოს დადება გაუჭირდება. სანქციები უკრაინის საკითხს უკავშირდება. როგორც ჰამბურგში შეთანხმდნენ ნორმანდიული ოთხეული განაახლებს შეხვედრას და საინტერესო იქნება რამდენად წარმატებული იქნება მისი მუშაობა. რუსეთი და უკრაინა მინსკი 2-ის შეუსრულებლობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

დიდი ალბათობით, გარდა იმ საკითხებისა, რაც გაჟღერდა, კერძოდ სირიის საკითხი და კიბერუსაფრთხოება, ასევე რუსეთის ჩარევა ამერიკის არჩევნებში, ტრამპმა და პუტინმა ორი საათის მანძილზე ალბათ სხვა საკითხებზეც ისაუბრეს. დრო ამის საშუალებას იძლეოდა. თუმცა სხვა დეტალები მხარეებს არ გაუჟღერებიათ.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....