“პატრიოტთა ალიანსი” და პარტია “თავისუფალი საქართველო ” მერობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავენ. “პატრიოტთა ალიანსში” არ გამორიცხავენ, რომ მათ საერთო მერობის კანდიდატი წარადგინონ. ირმა ინაშვილის თქმით, მოხდება თუ არა პარტიებს შორის შეთანხმება, “პატრიოტთა ალიანსი” კანდიდატს პარტიიდან მაინც დაასახელებს.
„ჩვენ გვყავს თბილისის მერობის რამდენიმე კანდიდატი, რომელიც განიხილება გუნდში, მაგრამ ამის მიუხედავად მზად ვართ ჩვენ, გავითვალისწინოთ ის ინიციატივები, რასაც ოპოზიციური პარტიები გვთავაზობენ, მაგალითად ვიმსჯელოთ იმაზე, გვეყოლება თუ არა ოპოზიციურ პარტიებს საერთო კანდიდატი. მაგრამ ეს არის იდეის დონეზე“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა ამბობს, რომ თუ მთელი ოპოზიციური სპექტრი, გარდა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნებისა” დააყენებს ერთი კანდიდატს, მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, მას ექნება გამარჯვების შანსი.
„ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი პარტიის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურა, მზად ვართ განვიხილოთ დამოუკიდებელი კანდიდატები,” – განაცხადა კახა კუკავამ.