აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოკუპაცია თუ გამოგონილი მტერი: რომელი აქციაა მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის

 

14 ივლისს  საქართველოში ორი საპროტესტო აქცია იმართება. ერთ-ერთ აქციას რადიოკომპანია “აფხაზეთის ხმის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა გაუწევს ორგანიზებას, რომელიც ოკუპაციის წინააღმდეგ, საოკუპაციო  ხაზთან  გაიმართება. ხოლო მეორე აქცია ე.წ. “ქართველთა მარში”, რომელსაც მოძრაობა “ეროვნულების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე უხელმძღვანელებს, აღმაშენებლის გამზირზე  გაიმართება. აქციის მთავარი მიზანი საქართველოში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების დეპორტაცია და საიმიგრაციო კანონის გამკაცრებაა.

რომელ აქციაზე უნდა წავიდეს ქართული საზოგადოება და რას ემსახურება ორივე მათგანი. რომელი პრობლემა უფრო აწუხებს ახლა ქვეყანას, მცოცავი ოკუპაცია თუ არალეგალური ემიგრანტები?

სანდრო ბრეგაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ მსგავსი მარშის ჩატარების იდეა დიდი ხანია, არსებობს, თუმცა მისი დაჩქარება ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით არის განპირობებული.

“ყველა არალეგალმა უცხოელმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია!!!” – ასეთი ლოზუნგით 14 ივლისს – თბილისში, ხოლო 16 ივლისს ბათუმში საპროტესტო მსვლელობა “ქართველთა მარში” გაიმართება. ეს მარში ისევე ჩატარდება, როგორც სხვა ნებისმიერ ევროპულ ქვეყნებში გაიმართა. იგივე მოთხოვნები გვექნება ჩვენც, რაც ევროპულ ქალაქებში გამოსულ მოსახლეობას ჰქონდა. ეს აქცია სრულიად მშვიდობიანი იქნება და იქ რაიმე ექცესებს და დაპირისპირებას გამოვრიცხავ.

ჩვენი მოთხოვნები იქნება შემდეგი, რომ ხელისუფებამ გაამკაცროს საემიგრაციო კანონი და ის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდეს. მეორე – მოხდეს ყველა არალეგალის და კანონდამრღვევი მიგრანტების დეპორტაცია თავიაანთ ქვეყნებში.

დაიხუროს ყველა ის დაწესებულება, სადაც არასწრულწლოვანების სხეულით ვაჭრობა ხდება და აიკრძალოს ყველა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია თუ პარტია. ასევე ვითხოვთ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკური საქმიანობის შეჩერებას.

რაც შეეხება პარალელურ აქციას, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არის დაგეგმილი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. რას აპროტესტებენ, როცა ეს მიწები საკუთარი ხელით თავად ჩააბარეს?! არ ვაპირებ ამ ადამაინების ბრალდებებზე პასუხების გაცემას და იმის მტკცებას, რომ რუსეთის აგენტი არ ვარ“, – ამბობს ბრეგვაძე.

ლაშა ბერულავა კი „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ ამ ორ აქციას შორის უბრალო დამთხვევა მოხდა. თუმცა, აღნიშნავს, რომ პრიორიტეტი ანტისაოკუპაციო აქცია უნდა იყოს. ბერულავას თქმით, ის ხვალ ჩადის ბერშუეთში და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაივლის უსაფრთხოების საკითხებს, რათა ადგილზე რაიმე სახის პროვოკაცია გამოირიცხოს.

„ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობა არის პრიორიტეტი და არა გამოგონილი მტრების წინააღმდეგ ე.წ. ეროვნული მარშის გამართვა, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ისინი აანონსებენ,“ – განაცხადა ლაშა ბერულავამ.

ბერულავა მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, რომ ერთიანობის ჩვენება უმნიშვნელოვანესია, რადგან რუსეთს სწორედ ერთიანობის ეშინია. მისი თქმით, ეს ორი აქცია ერთმანეთს ხელს არ უშლის და საზოგადოებას არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს. მისი აზრით, მოსახლეობის გადასაწყვეტია ახლა ქვეყანას რა პრობლემა უფრო აწუხებს, რუსების ოკუპაცია თუ გამოგონილი მტერი, რომლის წინააღმდეგაც ე.წ. „ქართული მარში“ იგეგმება.

„რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ აქციაში, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ, როგორც რუსმა ოკუპანტებმა, ასევე დანარჩენმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს ტკივა ოკუპაცია,“ – განაცხადა ლაშა ბერულავამ.

ლაშა ბერულავა ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ აქციით საქართველოს მთავრობას სწორედ ანტისაოკუპაციო მოქმედებების გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.

„ამას უნდა დაერქვას “გრუზინთა” ან “გრუზინული მარში,“ – ასე აფასებს ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი 14 ივლისს დაანონსებულ ე.წ. “ქართველთა მარშს”. ის ოკუპაციის წინააღმდეგ გასამართი აქციას მიესალმება, რომელიც ასევე, 14 ივლისს იმართება.

„ამას უნდა დაერქვას “გრუზინთა” ან “გრუზინული მარში”, პირდაპირ გეტყვით, არა “ქართველთა მარში” იმიტომ, რომ ასე მისაკუთრება სახელწოდების და ქართული ეთნოსის, ან ქართველი ერის სახელით საუბარი არ შეიძლება. რასაკვირველია, არცერთ ჯგუფს არ აქვს ამის უფლება და არ აქვს განსაკუთრებით ქსენოფობიით, სიძულვილის ენით გამორჩეულ ადამიანებს,“ – განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

ირაკლი ტაბლიაშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს ე.წ. საზღვრის კიდევ ერთხელ გადმოწევის ფაქტის შედეგად ცნობილი გახდა, რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის მოთმენას.

„ამიტომ რუსეთი, პრინციპში, გვეუბნება ასეთ რამეს, რომ მე გადმოვკვეთე, მე 500-მდე მეტრი დამრჩა იმისთვის, რომ გადაგჩეხოთ შუა წელში, შუა გზაზე, გორთან როგორც გადაგჩეხეთ 2008 წელს და ამ დროს, ეს კონტექსტუალურ კავშირშია იმასთან, რომ ადამიანთა გარკვეული ნაწილი, მცირე ჯგუფი, თუნდაც დიდი ჯგუფი, კონსტიტუციურ საკუთარ უფლებას და ვერ დაუშლი, რასაკვირველია, გამოდის და აპროტესტებს იმას, რაც გასაპროტესტებელია, ამას ნოყიერი ნიადაგი რეალურად არ აქვს,“ – განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. “ქართველთა მარშზე” ფიზიკური დაპირისპირება მოხდეს.

ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას შეფასებით, მსგავსი მოწოდებები ემოციური მიდგომითაა განპირობებული, რაც საკმაოდ საფრთხილოა. გამზარდია „მეტრონომთან“ ამბობს, რომ მთელ მსოფლიოში არალეგალი ქართველებიც საკმაოდ ბევრნი არიან და თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ არალეგალურად ჩასულ ჩვენს თანამემამულეებსაც ასევე მოექცევიან, ეს გამოსვლა  საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის. მისი აზრით, ამან შეიძლება ცუდი ასახვა ჰპოვოს იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ.

ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ამ საკითხის მიმართ ძალიან  ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ კონკრეტულ ადამიანებს ეთნიკური ნიშნით ინტერესები ამოძრავებთ, ცოტა სხვა ტიპის ღონისძიებები სჭირდებათ და არა მსგავსი ბრძოლა ამ ადამიანებთან.

“რამდენადაც ვიცი, აქ მითითებული იყო, რომ საუბარია არალეგალ უცხოელებზე. თუმცა, ვფიქრობ, ეს მაინც უფრო ემოციური მიდგომაა და არა რაციონალური. მესმის, რომ ადამიანებს აქვთ სურვილი, უფრო დაცულად იგრძნონ თავი, მაგრამ ეს მიდგომა ამ ფორმით ვერ განხორციელდება.

ახლა წარმოდგინეთ ირანში, იქ ჩასულ ქართველებს ანალოგიურად რომ მოექცნენ. მით უმეტეს, რომ ასეთ ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვა მთლად კარგ მდგომარეობაში ვერაა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შესაძლოა, უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდონ. ამიტომ მგონია, რომ თუ  ირანელების წინააღმდეგ დაიწყება რაღაც პროცესი, ამან შეიძლება ასახვა ჰპოვოს ირანში ქართველების წინააღმდეგ.

თუ ანალოგიური დაიწყება თურქების მისამართით, იგივე არ მოხდეს თურქეთში ქართველების მიმართ და ა.შ. რაც შეეხება ლაშა ბერულავას მიერ დაანონსებულ აქციას, საოკუპაციო ხაზთან, ესეც ჩემთვის მიუღებელია, რადგანაც არსებობს იქ პროვოკაციის საფრთხეები და არ მინდა, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამო, ჩვეულებრივი მოქალაქეების სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდოთ.

ამიტომ ჩემთვის, 14 ივლისს დაგეგმილი არცერთი აქცია მისაღები არ არის” – აცხადებს არჩილ გამზარდია და აღნიშნავს, რომ აქ საუბარია სერიოზულ კრიმინალზე და ამ შემთხვევაში მის ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ქართული მარში“ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც  ახალციხეში ირანის მოქალაქის დაკავებას მოჰყვა. კერძოდ კი, ირანელი მამაკაცი არასრულწლოვან ბიჭებთან  სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. მშობლების ინფორმაციით, იგი 13-14 წლის ბიჭებს სქესობრივი კონტაქტის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.

მომხდარის შესახებ პოლიციას ერთ-ერთი მოზარდის მშობელმა აცნობა. მისი თქმით, შუახნის მამაკაცი ბავშვებს ქუჩაში ხვდებოდა და ეუბნებოდა, თითქოს თავისი ტელეფონის ნომერი დაავიწყდა და ზარის გაშვებას სთხოვდა. ასე მოზარდების ნომრებს იმახსოვრებდა და შემდეგ უკავშირდებოდა. მისი თქმით, მამაკაცი პოლიციამ სწორედ მაშინ აიყვანა, როდესაც იგი მოზარდებთან შეხვედრას ცდილობდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით წარედგინა, რაც წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.

დაკავებული ბრალს არც აღიარებს და არც უარყოფს. მან საქართველოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა, თუმცა უწყებამ შეთანხმების გაფორმებაზე უარი უთხრა.

ასევე შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში 4 ივლისს  ე. წ. საზღვარი გადმოწიეს. ადგილობრივების თქმით, ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რამდენიმე ადგილზე დადგეს. მათ დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს. ოკუპანტებმა, ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის, გია ხოდელის მიწაზე ბანერი 600-700 მეტრით გადმოწიეს.

 ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....