ახალი ამბები მთავარი სამართალი

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ხვალ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. ის საზოგადოებასა და ჟურნალისტებს ჩაბუქის თემასთან დაკავშირებულ სიახლეებს გააცნობს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ interpressnews.ge ავრცელებს.

სოსო ბარათაშვილი ასევე გააკეთებს განცხადებას 7 ივლისს ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რის საფუძველზეც თურქ პედაგოგს და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსზე უარი ეთქვა. პრესკონფერენციას თემაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჩაბუქის ოჯახის წევრები და კოლეგები დაესწრებიან.

დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად ედება წილების გასხვისების მცდელობა ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაზე, რომელიც თურქული მხარის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 25 მაისს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

თურქი პედაგოგი საქართველოში 15 წელია ცხოვრობს. იგი 2002 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. არის მრავალი საგანმანათლებლო პროექტისა და იდეის ავტორი საქართველოში. ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

ჩაბუქსა და მის ოჯახს, 7 ივლისს, საქართველოს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მხრიდან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.

იტვირთბა....