“ყველა ადამიანი დგას საშიშროების წინაშე, გახდეს ბოროტი სულის მატარებელი”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ადამიანის გონება ვერასოდეს მისწვდა ღვთის განგებას, წყალობას და სიყვარულს.
“ადამიანმა უნდა იგრძნოს ღვთის დიდება, მისი წყალობა, მისი მოწყალება. ადამიანმა უნდა დაინახოს კვალი უფლისა დედამიწაზე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი საშიშროების წინაშე დგას, რომ გახდეს ბოროტი სულის მატარებელი. ამიტომ, ყოველდღე უნდა ვიკითხოთ ლოცვები, ნაკურთხი წყალი ვასხუროთ ჩვენს ოთახებს და ამით დავიცავთ ჩვენს თავს”,- აღნიშნა პატრიარქმა.
პატრიარქის კურთხევით, პეტრე-პავლობის დღესასწაული თევზით ხსნილი იქნება. ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ კალენდარში არ წერია პეტრე-პავლობას ხსნილია თუ მარხვაა.
“პეტრე-პავლობა ოთხშაბათია და გავახსნილოთ თევზით. მეორე დღეს კი სვეტისცხოვლობაა, 12 მოციქულის დღესასწაულია. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ” ,- მიმართა მრევლს პატრიარქმა.
პეტრე-პავლობა 12 ივლისს აღინიშნება.