ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის მიზანი წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანზიტო-ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარების და უსაფრთხოების სფეროში საპარლამენტო მხარდაჭერის გაძლიერება იქნება.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აბრეშუმის გზის მხარდამჭერი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
“იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერი ვართ და სავაჭრო-ლოჯისტიკური პოტენციალის განვითარებისთვის მასშტაბური პროექტები დავიწყეთ, როგორიცაა აბრეშუმის რკინიგზა, შავის ზღვის ერთ-ერთი დიდი და თანამედროვე პორტის მშენებლობა ანაკლიაში, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობსადენების ოპერირების ხანგრძლივი და წარმატებული გამოცდილება გვაქვს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ამ ახალ ფორმატშიც საქართველო ერთ-ერთი ლიდერი იქნება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას მინსკი მასპინძლობს.