ჰამბურგის პოლიციის განცხადებით, „დიდი ოცეულის“ სამიტის საწინააღმდეგო აქციებზე ორი დღის განმავლობაში 200-ზე მეტი პირი დააკავეს.
ჰამბურგის პოლიციაში განაცხადეს, რომ დღეს დილით, ქალაქში სიტუაცია დამშვიდდა. საპროტესტო აქციები და არეულობა, რომლებიც თითქმის მთელი ღამე გრძელდებოდა, დასრულდა.
„8 ივლისს, 09:00 საათის მდგომარეობით, დაშავებული პოლიციელების რაოდენობა 213-ს შეადგენს“, – განაცხადა ჰამბურგის პოლიციის წარმომადგენელმა.
პოლიციამ თვითმხილველებს თხოვნით მიმართა, სპეციალურ პორტალზე აქციის ფოტოები და ვიდეო მასალა გაავრცელონ, რომ სამართალდამცველებმა დამნაშავეების ამოცნობა შეძლონ.
გუშინ ღამით შანცენფირტელის უბანში პოლიციამ მანიფესტანტების დასაშლელად სპეცრაზმი გამოიყენა.
პოლიციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ აქციის მონაწილეები „მოლოტოვის კოქტეილებით“ იყვნენ შეიარაღებულნი. დაფიქსირდა მაროდიორობის შემთხვევაც ერთ-ერთ სუპერმარკეტში. პოლიციის ინფორმაციით, ძარცვაში 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
ჰამბურგში, G20-ის სამიტის 7 ივლისს გაიხსნა. იმავე დღეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა გაიმართა. ამ წუთებში ანგელა მერკელი, ემაუენლ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი შეხვედრას მართავენ, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავენ.
ჰამბურგში უკვე მეორე დღეა, რაც მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ანტიგლობალისტები ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ჩატარებას აპროტესტებენ.