თუქეთში მოკლული ქართველი ემიგრანტის, გივი მაჩაიძის ოჯახის წევრები მისი მკვლელობის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ.
ოჯახის ინფორმაციით, ბოლოს მაჩაიძე ჯინსების ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშაობდა, საიდანაც ცოტა ხნის წინ წავიდა. ისინი ყვებიან, რომ სავარაუდოდ გივი მაჩაიძე ფაბრიკაში სწორედ დარჩენილი ხელფასის, 900 ლირის მისაღებად მივიდა, რის შემდეგაც ის სცემეს და მოკლეს.
გივი მაჩაიძე, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დას ესაუბრა და სწორედ მას უთხრა, რომ ხელფასის მისაღებად ფაბრიკაში მისვლას აპირებდა. გარდაცვლილის ძმის განცხადებით, გივი მაჩაიძემ დას ღამის 03:00 საათზე დაურეკა და შველა ითხოვა. შემთხვევიდან მალევე მაჩაიძის მობილური ტელეფონი გამოირთო.
ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
გივი მაჩაიძის ფულის გამო მკვლელობას არ გამორიცხავს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ემიგრანტის იმედის” ხელმძღვანელი შოთა სიხარულიძეც.
„როდესაც ფულს ეხება საქმე არაფერს არ გამოვრიცხავ. შეიძლება ყოფილიყო ურთიერთშელაპარაკება, შეიძლება ყოფილიყო ძარცვა. იმიტომ, რომ დღეს ფულის გამო საშინელებები ხდება. როგორც ოჯახის წევრებმა, მისმა ძმამ მომწერა, ის ითხოვდა დახმარებას, საქართველოს საკონსულომ ჩამოსვენების ხარჯები აანაზღაურა,“-განაცხადა შოთა სიხარულიძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროსმ აღნიშნულ ფაქტზე განცხადებაც გაავრცელა:
“29 ივნისს გენერალურ საკონსულოში, ქ.სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შემოვიდა წერილობითი შეტყობინება, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია, გადაყვანილია სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
გარდაცვლილის ცხედრის საქართველოში გადასვენება, გენერალური საკონსულოს შუამდგომლობითა და ქ.სტამბოლის მერიის მხარდაჭერით მოხდება დღეს”, – წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.