„გამოცდები სტრესია და სადაც არის კონდიციონერი, სამწუხაროდ, გულის წასვლის შემთხვევები იქაც ფიქსირდება“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საგამოცდო ცენტრებში სიცხის გამო შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდები გეგმიურად მიდის და სერიოზული ხარვეზები ჯერ არ დაფიქსირებულა.
„სამწუხაროდ, გამოცდების დაწყების პერიოდს დაემთხვა ტემპერატურის მნიშვნელოვანი ზრდა. იმედი გვაქვს, რომ ყველა ცენტრში გვექნება კონდიციონერი. რაც შეეხება იმ შემთხვევებს, როცა კონდიციონერს არ რთავენ, ზოგჯერ ადგილი აქვს ტექნიკურ პრობლემას. სამწუხაროდ, ზოგჯერ ისეთი ვითარება გვაქვს, რომ ის პირიქით ხელს უშლის რომელიმე აბიტურიენტს. ეს ის თემაა, რის გამოსწორებაზეც უნდა ვიმუშაოთ. რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს. ის გეგმიურად მიდის, სერიოზული ხარვეზები არ ფიქსირდება“, – ამბობს განათლების მინისტრი.
ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა და მოსახლეობას სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.