“მეტრონომის” სანდო წყაროს ცნობით, დღეს დილიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე საროსკიპოს გამოვლენის მიზნით გარკვეული რეიდები განხორციელდა.
სოციალურ ქსელში, მსგავს რეიდებზე საუბრობენ ასევე აღმაშენებლის გამზირზე. წყაროს ცნობით, მიმდინარე რეიდების გამო რამდენიმე ობიექტის მეპატრონე მიიმალა და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.
“მეტრონომმა” ინფორმაცია შსს-სთან გადაამოწმა. უწყებამ ინფორმაცია გამოგვიგზავნა:
“პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, შს სამინისტრომ განახორციელა რიგი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2017 წლის 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩატარებული პრევენციული მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბარიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით მიიყვანეს: 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი (სულ – 91 პირი); ასევე, 56 მამაკაცი, მათ შორის, 15 – ქართველი და 41 უცხოეთის მოქალაქე”. – აღნიშნულია შსს-ს მიერ გამოგზავნილ ტექსტში.