ინდოეთის მოქალაქე ქუშბუ კაუშალი თბილისის აეროპორტში მომუშავეებს რასიზმში ადანაშაულებს. ამის შესახებ, ის ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. ის საქართველოს ელჩს, არჩილ ძულიაშვილს, მიმართავს და საქართველოში მომხდარი ფაქტის შესახებ დეტალებს ყვება.
მიმართვაში კაუშალი იმ გამოცდილების შესახებ ყვება, რაც საქართველოს აეროპორტში გადახდა. კაუშალის თქმით, მას თავისი შვებულების გატარება საქართველოში სურდა, რადგან მოხიბლული იყო საქართველოს ისტორიით, თანაც, საქართველოს მარტოდ მოგზაური ქალებისთვის მაღალი შეფასება ჰქონდა. ტურისტის თქმით, ის თბილისის აეროპორტში 29 ივნისს, შუადღის 5 საათზე ჩამოფრინდა.
კაუშალის თქმით, მას პასპორტის შემოწმების შემდეგ, მოსთხოვეს სხვა მაგიდასთან გადანაცვლება, მისი საბუთების გადამოწმების მიზნით. მოგზაურის თქმით, ამის შემდეგ, მას ერთ-ერთმა ოფიცერმა დალოდება მოსთხოვა, რის შემდეგაც, ის იმიგრაციის განყოფილების რკინის, ცივ, არაკომფორტულ სკამზე ორი საათი ელოდა პასუხს, ხოლო როდესაც დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ითხოვა, ყვირილით მოსთხოვეს კუთხეში დაჯდომა. მისი თქმით, საქართველოში გატარებული ღამე მის ცხოვრებაში ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო. გოგონა ამბობს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მშიერი იყო და მხოლოდ 7 საათის შემდეგ მისცეს მას მესაზღვრეებმა ჭამის და წყლის დალევის უფლება.
ქუშბუ კაუშალის თქმით, ინდოეთში მას უთხრეს, რომ მისი საქართველოში არშეშვების მიზეზად, ქართული მხარე ყალბი საბუთებისა და მოგზაურობის მიზეზის ვერწარდგენას ასახელებდა, თუმცა, მისი თქმით, მისი საბუთები კანონიერი იყო და არ ესმის, პასპორტის კონტროლის შემდეგ გავლილი გასაუბრების შემდეგ, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ოფიცერმა. ინდოელი გოგონა ამბობს, რომ საქართველოში ტურისტად ჩასულ ინდოელების 90%-ს უკან აბრუნებენ.
ინდოელი მოგზაურის თქმით, მან ინდოეთის და საქართველოს ურთიერთობაზე, ტურიზმის მხრივ, ინფორმაცია შეაგროვა, იმის გამოსარკვევად, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ინდოელი ტურისტების მიმართ სავარაუდო სიძულვილის მიზეზი. როგორც ის წერს, მან აღმოაჩინა, ქართული მხარის განცხადებები, სადაც ინდოელ ფერმერებს იწვევდნენ იმ მიწებზე სამუშაოდ, რომლებზეც ქართველებს მუშაობის უფლება არ ჰქონდათ. ქუშბუ კაშალი სწორედ ამას უკავშირებს ინდოელი ტურისტების მიმართ გამოხატულ სიძულვილს მესაზღვრეების მხრიდან.
მომხდარზე კომენტარს შსს ავრცელებს. პოლიცია უარყოფს, რასიზმის ფაქტის გამოვლინებას.„საქართველოში ტურისტებისა და სხვა ვიზიტორების მზარდი რაოდენობის პარალელურად, ბუნებრივია, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უარი ეთქმევა ქვეყანაში შემოსვლაზე. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურები განსაკუთრებულად კონტროლდება ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ“, – ნათქვამია შსს განცხადებაში.
ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის ივნისში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ინდოეთის 6517 მოქალაქემ გადმოკვეთა.