კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომ მის ხელთ არსებული დოკუმენტის მიხედვით, ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩა ნარმანიას ქუჩად გადააკეთეს.
“ქუჩების გადარქმევა: ამას წინათ ხელში ჩამივარდა დოკუმენტი, სადაც მითითებული იყო მისამართი – ზუგდიდი, ნარმანიას ქუჩა 10, ყოფილი გამსახურდიას ქუჩა.
სახელისუფლებო კულისებში მოკალათებული ღვარძლიანი ქონდრისკაცების ხვაშიადი გასაგებია: გამსახურდია უნდა დააკნინონ, როგორც ეს უკვე მოხდა და დღესაც ხდება “პეკინის” ქუჩის შემთხვევაში. აბა ხომ უნდა აამონ ამა ქვეყნის ძლიერთ და მდიდართ. მისი სახელობის პატარა ქუჩა მხოლოდ ფონიჭალაშია, სადღაც ძალიან შორს. მაგრამ ვინ ნარმანიას ქუჩაა ეს? ვინ იყო ასეთი? რა დამსახურება აქვს ერის, კულტურის და სახელმწიფოს წინაშე? შედარებით ცნობილი დავით ნარმანიაა, მაგრამ ცოცხალი და ჯერაც თანამდებობაზე მყოფი თბილისის მერის ქუჩა ხომ არ იქნება ეს.
თბილისშიც საკმაოდაა სრულიად უცნობი ადამიანების სახელობის ქუჩები: ტოროშელიძის, მარუაშვილის, ბეთაშვილის, ზახაროვის, ბურძგლას, ყარყარაშვილის, ვეშაპურის, ბურკიაშვილის და სხვების ქუჩები. ესეც კიდევ ერთი დეტალი იმ ბუკეტში, რომლის შემხედვარესაც აღმოგხდება: აი, მამული!”- წერს გამსახურდია facebook-ზე.