თურქეთის გავლით საბერძნეთისკენ მიმავალი საქართველოს მოქალაქე, გივი მჭედლიშვილი სამი დღე დაკარგულია, – ამის შესახებ ინფორმაციას ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
„დღეს დილით ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრს თხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა მიმართეს, რომლებისთვისაც ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთ-თურქეთის საზღვრიდან, საბერძნეთისაკენ მომავალი საქართველოს მოქალაქე , 1998 წლის 4 ივლისს დაბადებული გივი მჭედლიშვილი, რომელმაც ვერ შეძლო ევროკავშირის საზღვრის კვეთა მესაზღვრეთა გადაწყვეტილებით, სამი დღეა დაკარგულია და ოჯახს მის შესახებ სხვა არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია.
გივი მჭედლიშვილი, რომელსაც მცირე ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, საბერძნეთში, ქ.ათენში დედის მოსანახულებლად მოწვევის საფუძველზე მოემგზავრებოდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი თხოვნით მიმართავს ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულს ბ-ნ მუხრან გულაღაშვილს და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულს ბ-ნ ირაკლი ასაშვილს, განახორციელონ მათ ხელთ არსებული შესაძლებლობები და დახმარება გაუწიონ ოჯახს, რათა დროულად იქნას მოძიებული გაუჩინარებული, საქართველოს მოქალაქე გივი მჭედლიშვილის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარება.
ასევე ცენტრი თხოვნით მიმართავს საბერძნეთისა და თურქეთის რესპუბლიკებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, თუ ვინმეს ეცნო აღნიშნული პიროვნება, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ნომრებზე:
+ 30 6994442225 – ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრი.
+90 5418184400 – ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო.
+30 2310429009 – ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო.