„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს წევრებს შენობაში შესვლა „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულების ხმაურისა და რეპლიკების ფონზე უწევთ. აქციის გამო „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომლებიც ტერიტორიაზე წესრიგს იცავენ.
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდნენ დაზარალებულებს. შეკრებილები ამბობენ, რომ 3000 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია მიიღეს, თუმცა მიღებული თანხა ზარალს ვერ ანაზღაურებს და სახელმწიფოსგან მეტ დახმარებას ითხოვენ.
დაზარალებულები დღეს, 20:00 საათზე, აქციის გაგრძელებას მთაწმინდის პარკში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენის პარალელურად აპირებენ.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული „ბავშვთა სამყარო“ 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. მოგვიანებით, დაზარალებულები მერიის მიერ შეთავაზებულ, 3000 ლარიან კომპენსაციას დათანხმდნენ.