აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“არ შეიძლება დამნაშავეც იყო და – ავადმყოფიც”: ყველაფერი ნარკოპოლიტიკის შესახებ

იყენებენ  თუ არა პოლიტიკოსები  ნარკოპოლიტიკის თემას  წინასაარჩევნოდ

ხელისუფლებამ რამდენიმე კვირის წინ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია და მთავრობამ პარლამენტს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი წარუდგინა.
რატომ არ მოხდა ამდენი ხნის განმავლობაში კანონპროექტის შეცვლა და კანონის ლიბერალიზაცია, ოპოზიციის წარმომადგენლებს თავისი არგუმენტები აქვთ, თუმცა ყველა მათგანი თანხმდება, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ამ თემის გამოყენებას აპირებს.
მათი აზრით, ახალგაზრდების ხმების მოსაპოვებლად „ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ კანონში ცვლილებები შეიტანოს. თუმცა, კანონპროექტს თავად მმართველ გუნდში ჰყავს მოწინააღმდეგეები, რომელთა აზრითაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ნარკოტიკების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს და მომხმარებელთა რიცხვი გაიზრდება.
ცვლილების მიხედვით, კანაფის და მარიხუანას კანონით დადგენილი დიდი ოდენობა იცვლება, შესაბამისად, კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა იქნება 140 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, განსაკუთრებით დიდი ოდენობა – 1 000 გრამი, 250 გრამის ნაცვლად.
მარიხუანას შემთხვევაში, გამომშრალი დიდი ოდენობა იქნება 70 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, ნედლი დიდი ოდენობა – 140 გრამი, 100 გრამის ნაცვლად. მარიხუანას და კანაფის კანონით დადგენილი მცირე ოდენობა უცვლელი რჩება. არ იცვლება გამომშრალი და ნედლი მარიხუანას განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.
საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და ნარკომანიის წინაააღმდეგ ბრძოლის ახალი სახელმწიფო სტრატეგია შექმნას.
ახალმა სტრატეგიამ უნდა შეამციროს ნარკოტიკებზე მოთხოვნა, ნარკოტიკების ავადმოხმარების გამო წამალდამოკიდებულისა და საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანი და რაც მთავარია, ნარკომომხმარებლის დასჯის პოლიტიკა მის მკურნალობაზე ორიენტირებული მიდგომით შეცვალოს. ერთი სიტყვით, უნდა აღმოფხვრას ნარკოპოლიტიკაში ამჟამად არსებული ყველა პრობლემა; პრობლემა კი ძალიან ბევრია.
საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ ნარკოკანონმდებლობა საქართველოში რამდენჯერმე შეიცვალა. 2002 წელს წამალდამოკიდებულება დაავადებად აღიარეს, მაგრამ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებები არ შესულა, რის გამოც ეს კანონმდებლობა დღემდე წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების უმთავრეს პრინციპებთან: ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანი ერთსა და იმავე დროს ავადმყოფიც არის და დამნაშავეც.
ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა ან მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე პირველ ჯერზე ადმინისტრაციული წესით ისჯება, რაც 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება ( სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი), რაც 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ან დაჯარიმებას გულისხობს.
სსკ 260-ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების ფლობა ნებისმიერი ოდენობით სისხლის სამართლის დანაშაულია. კანონი არც ნარკოტიკების მომხმარებელს და გამსაღებელს და არც მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს ერთმანეთისგან არ მიჯნავს. 260-ე მუხლის მიხედვით, ნარკოტიკული საშულების, მისი ანალოგის, ან პრეკურსორის დამზადება, შეძენა-შენახვა ან გასაღება მცირე ოდენობით 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების (ჰეროინის შემთხვევაში 1 გრამზე მეტი) შენახვა კი 8-დან 20 წლამდე თავისუფლების, ან თავისუფლების უვადო აღკვეთით. მაშინ, როდესაც იგივე კანონმდებლობა, გაუპატიურების შემთხვევაში დამნაშავეს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას უსჯის, განზრახ მკვლელობის ჩამდენს კი 7-15 წლით აპატიმრებს.
კანონმდებლობით სათანადოდ არც ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებია განსაზღვრული. 2003 წლის პარლამენტის დადგენილებაში, რომელშიც განსაზღვრულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ოდენობები, ბევრ ნივთიერებას არ აქვს განსაზღვრული მცირე ოდენობა, რის გამოც ნებისმიერი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო ფლობა დიდ ოდენობად ითვლება და სასჯელის მკაცრ ზომას ითვალისწინებს.
ნარკოპოლიტიკის გამკაცრების კვალდაკვალ ნარკოტიკების ქართული ბაზრის სტრუქტურაც შეიცვალა. ბოლო წლებში, საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა ჰეროინისა და სუბოტექსის ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა. სამაგიეროდ, შავ ბაზარზე კუსტარული, ბევრად უფრო იაფი და დამაზიანებელი ნარკოტიკები გამოჩნდა.
”ნარკოტოკების მომხმარებელი არ არის კრიმინალი. მისი ციხეში გამომწყვდევა არ არის საშუალება, არც პრევენციის და არც მკურნალობის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
აკაკი ზოიძის განმარტებით, პარლამენტში ინიცირებული პროექტი ნაბიჯია ნარკოპოლიტიკის გაადამიანურებისკენ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე ე.წ. ოთხსვეტიანი ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა:
”ბოლო წლებში საერთაშორისო საზოგადოება ყალიბდება საერთო მიდგომაზე, რომ მხოლოდ რეპრესიებით ნარკოდანაშაულს და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ ზიანს ვერ შევამცირებთ, საჭიროა ე.წ. ოთხსვეტიანი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს პრევენციას, მკურნალობას, ზიანის შემცირებას და სამართალდამცავთა ქმედებებს.
ამ ოთხი სვეტის ჰარმონიულ შეთავსებას იყენებს ყველა ის ქვეყანა, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირების კუთხით. ეს ედო საფუძვლად მიდგომას, რომელსაც თანმიმდევრულად ეწეოდა ”ქართული ოცნება” მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა და შემსუბუქდა მთელი რიგი ნორმები”, – განაცხადა ზოიძემ.
დეპუტატის ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება. ზოიძის თქმით, ეს კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა შეიმუშავა.
მისივე თქმით, ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართაც უნდა განხორციელდეს საგანმანათლებლო ნაბიჯები და სპორტი უნდა იქცეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად იარაღად.
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ერთ-ერთი წევრი იაგო ხვიჩია „მეტრონომთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრის, აკაკი ზოიძის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა რთულია, რადგანაც ის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიღებას დიდი ხანია რაც ითხოვს. ამიტომ, მისი აზრით, ეს ზოიძეს კი არა, „ოცნებას“ გაახსენდა, რომ წინასაარჩევნოდ თემა სათავისოდ გამოიყენოს.
ხვიჩიას განცხადებით, მმართველმა გუნდმა პარტიაში გამოყო ადამიანები, რომლებიც იმავეს საუბრობენ, რასაც 2016 წლის არჩევნებამდე ამბობდნენ, თუმცა მათი დაპირებები მაშინ ფუჭი აღმოჩნდა და ამ დრომდე კვლავ „ფაშისტური“ ნარკოპოლიტიკა გვაქვს, რომელსაც პოლიცია ადამიანების დასასჯელად იყენებს:
„საქმე იმაშია, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონის მიღებას არ ჩქარობს და ჩვენთვის უცნობია მას არჩევნებამდე მიიღებენ თუ არჩევნების შემდეგ. ისინი ამბობენ, რომ კანონზე მსჯელობას საშემოდგომო სესიაზე დაიწყებენ, თუმცა ვიცით, რომ შემოდგომაზე თვითმართველობის არჩევნებია. ამიტომ ზუსტი დრო უცნობია. მგონია, რომ ამ კანონპროექტის დონეზეც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შანსი არა გვაქვს. თავად „ოცნებაში“ არიან ამ კანონის მოწინააღმდეგე ადამიანები, რომლებიც მგონია, რომ კანონის მიღებას ხელს შეუშლიან. ზვიად ძიძიგური და მისი მსგავსი სხვა დეპუტატები ისევ პარლამენტში არიან და გააფთრებულები ებრძვიან თავად აკაკი ზოიძეს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად გული შესტკივა ქვეყანაში არსებულ განუკითხაობაზე.
თუმცა ეს ერთი ადამიანი ბევრს ვერაფერს შეცვლის. მე გავმიჯნავ ზოიძის პირად მოსაზრებას და სურვილებს „ოცნებისგან“, რომელიც ამ თემას ახლა მხოლოდ არჩევნებისთვის იყენებს.
კანონს იმ რედაქციით, რომელიც აკაკი ზოიძემ წარადგინა პარლამენტში, თავად „ოცნება“ არ მიიღებს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი რადიკალური ცვლილება მოხდება. არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება ბოლომდე მზად არის ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მოხდეს“,-ამბობს „მეტრონომთან“ ხვიჩია.
მისი თქმით, არსებული კანონი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში საუკეთესო ბერკეტია, რადგანაც შანტაჟის მეშვეობით სხვა დანაშაულს ხსნიან. ხვიჩიას აზრით, შსს ასეთ ქმედებას ვერ გაბედავდა, რომ არა ქართული საზოგადოების ინფანტილურობა.
მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ იგებს რატომ უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და მათი დამოკიდებულება ნარკოდამოკიდებული ადამიანების მიმართ არასწორია. სწორედ ამ მოსაზრებას სათავისოდ იყენებს ხელისუფლება, რომლსაც არჩევნების წაგება არ უნდა და ხალხის სახელით აცხადებენ, რომ ამ კანონის შეცვლა არ მოხდება. ამიტომ ხვიჩია მოსახლეობას საკითხისადმი უფრო აქტიურობისკენ მოუწოდებს.
იურისტი ლია მუხაშავრია „მეტრონომთან“ ამბობს, რომ არ შეიძლება ნარკოდამოკიდებული ადამიანი დამნაშავეც იყოს და ავადმყოფიც. მისი თქმით, საზოგადოების აქტიურობით ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ კანონის ლიბერალიზაცია მოხდეს, რადგანაც არჩევნების შემდეგ ეს საკითხი კვლავ მეორეხარისხოვანი გახდება. მუხაშავრია ამბობს, რომ არჩევნების მამოძრავებელი ძალა დემოკრატიაა, სხვაგვარად კანონების მიღებაც არ მოხდებოდა. საზოგადოებისთვის ყველაზე მთავარი ბერკეტი არჩევნებია და ამიტომ ხელისუფლებასთან როგორც შეუძლია ამ თემით უნდა ივაჭროს:
„ბოლო მოვლენებმა და რეპერების დაკავებამ გვაჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი და მითუმეტეს ახალგაზრდები უკვე შეწუხებულები არიან იმ შანტაჟით, რომელსაც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისგან განიცდიან.
ისედაც მკაცრ კანონს, რომლის მსგავსი პოსაბჭოთა სივრცეში საქართველოს გარდა არავის აღარ აქვს, პოლიცია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს. გასაგებია, რომ ამ კანონს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, მაგრამ მისი ლიბერალიზაცია მომხმარებლების რაოდენობას ვერ გაზრდის.
ვისაც უნდა, შავ ბაზარზე უხარისხო ნარკოტიკებს და ათას უბედურებას ისედაც იღებს. ახლა მთავარია ვიაქტიუროთ და ეს კანონი არჩევნებამდე მივაღებინოთ პარლამენტს. სხვაგვარად მგონია, რომ ისევ მეორეხარისხოვანი პრობლემა გახდება“,-ამბობს მუხაშავრია „მეტრონომთან“.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....