ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი: ირაკლი ფირცხალავა ციანიდის საქმესთან კავშირში არ არის

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

ციანიდის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ადვოკატ ლილი გელაშვილის დაკითხვის ფაქტზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მისი ჩვენებით არ დასტურდება ბრალდებულის ბრალი, რომ ის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას გეგმავდა:

”ამ მოწმეთაგან შედარებით მნიშვნელოვანი მოწმე დაკითხეს;  ეს იყო ლილი გელაშვილი, რომელმაც პრაქტიკულად გაიმეორა ის, რასაც ვამბობთ;  კერძოდ,  სასამართლო პროცესი მიმდინარეობს  ერთი რამისთვის – ამზადებდა თუ არა დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.  მე დავუსვი ეს შეკითხვა და მან პირდაპირ თქვა, რომ არ იცოდა. შესაბამისად, შემდეგი კითხვა იყო: საერთოდ, როცა ურჩიეთ ირაკლი მამალაძეს პროკურატურისთვის მიემართა, ამ  დროს ხომ არ გქონდათ ეჭვი, რომ შორენა თეთრუაშვილის მიმართ რაიმე მზადდებოდა? ამაზე მან გვიპასუხა, რომ მსგავსი ეჭვი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, დავუსვით შეკითხვა, გადაამოწმა თუ არა მან, რისთვის სჭირდებოდა ციანიდი დეკანოზს, რაზეც მან გვიპასუხა, რომ ეს არ გადაუმოწმებია. შესაბამისად, ქალბატონი გელაშვილის დაკითხვის შემდეგ ბრალდება შესუსტდა. შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება არ დასტურდება.

იყვნენ ასევე ირაკლი მამალაძის მეგობრები მოყვანილი, რომლებიც წინასწარი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში საუბრობდნენ თუ როგორი კარგი პიროვნებაა ირაკლი მამალაძე. ერთის მხრივ, გამოძიებას აძლევდნენ ჩვენებას, როგორ კარგად იცნობდნენ ირაკლი მამალაძეს, ხოლო როცა ჩვენ აქ შეკითხვას ვუსვამდით, ელემენტარული რაღაცები არ იცოდნენ მამალაძის შესახებ. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, საერთოდ რა დანიშნულებით იყვნენ ისინი გამოძიებისთვის მიყვანილნი”-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ კი განაცხადა, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ ბრალდებული იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ მის სახლში აღმოჩენილი იარაღი ირაკლი მამალაძემ გადასცა:

“არაერთხელ განვაცხადეთ, რომ დაცვის მხარე და ბრალდებული  ცდილობდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ ბრალდებული გვატყუებდა, როდესაც მან  განაცხადა, თითქოსდა ცეცხლსასროლი იარაღი მას ირაკლი მამალაძემ გადასცა  შესანახად. დაიკითხნენ მოწმეები, რომლებმაც გამორიცხეს ირაკლი მამალაძის მონაწილეობა ცეცხლსასროლ იარაღთან და განმარტეს, რომ მას არასდროს ჰქონია რაიმე შეხება მასთან.

მოწმე ლილი გელაშვილმა ისაუბრა, რომ ირაკლი მამალაძე მასთან მივიდა იურიდიული კონსულტაციისთვის და უთხრა, რომ ბრალდებული გიორგი მამალაძე დაინტერესებული იყო კალიუმ ციანიდის შეძენით.  გელაშვილმა  აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი მამალაძეს გაუწია იურიდიული კონსულტაცია,  რის შემდეგაც ირაკლი მამალაძე გიორგი მამალაძეს არაერთხელ შეხვდა, ჩაწერა,  შემდეგ კი  მიმართა პროკურატურას განცხადებით და დაიწყო გამოძიება.

რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავას,  ის     საქმესთან შემხებლობაში არ არის.  მით უმეტეს, მისი ასეთი დაუსაბუთებელი განცხადება არ უნდა მიეღო მოსამართლეს მტკიცებულებად. ამ განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, მოწმეზე ზემოქმედების კუთხით და გამოძიების დეტალები შემდეგ გახდება ცნობილი.

ლილი გელაშვილი დაიკითხა გიორგი მამალაძის მხრიდან კალიუმ ციანიდის შეძენის ფაქტზე, რაც ლილი გელაშვილმა  დაადასტურა. ლილი გელაშვილს დეკანოზთან შეხება არ ჰქონია;  მან ინფორმაცია  ირაკლი მამალაძისგან გადმოცემით იცის.  როგორც ირაკლი მამალაძემ დაადასტურა,  გიორგი მამალაძეს კალიუმ ციანიდი ( შემდეგ – ნატრიუმ ციანიდი) მკვლელობის მიზნით სჭირდებოდა. იგივე დაადასტურა ლილი გელაშვილმა.”-განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე,  ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის და ადვოკატ ირმა ჭკადუას გარდა, პროკურატურის კიდევ ერთი მოწმე, ადვოკატი ლილი გელაშვილია. როგორც ის აცხადებდა, ციანიდის საქმის თაობაზე 24 იანვარს შეიტყო.

“სოციალურ ქსელში, პირველი დღიდანვე, რაც ეს ფაქტი  ჩემთვის ცნობილი გახდა,  დავწერე,  დავაფიქსირე ჩემი პოზიცია.  ეს არის 24 იანვარი.  ეს იყო ის დღე, როცა პირველად შევხვდით ირაკლი მამალაძეს”, – განაცხადა გელაშვილმა.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....