“მეტრონომი” სასამართლოდან:
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. პროკურორის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება.
,,დღევანდელ სასამართლო პროცესზე გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. უნდა დავკითხოთ დაახლოებით 10 მოწმე, მათ შორის არიან გამომძიებლები, რომლებმაც ბარგი უშუალოდ, აეროპორტიდან ამოიღეს. ასევე, არიან გამომძიებლები, რომლებმაც მამალაძის ბინაში ჩაატარეს ჩხრეკა და იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღი. ისინი ისაუბრებენ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე.
თუ დაცვის მხარეს სამართლებრივი არგუმენტები აქვს და ეჭქვეშ აყენებს საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას, ეს ის პროცესია, როდესაც მათ კითხვები უნდა დაუსვან. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი დაამტკიცებენ მათი საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას და ერთხელ და სამუდამოდ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე წერტილი დაესმევა დაცვის მხარის უსაფუძვლო აპელირებას, თითქოს ბრალდების მხარე არაკანონიერად ატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს,” – განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელიძემ.
რაც შეეხება აეროპორტიდან ჩანაწერის ამოღებას, რომელსაც დაცვის მხარე ითხოვს, პროკურორმა განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ჩანაწერი.
„ბრალდების მხარეს არ აქვს ჩანაწერი. დაცვის მხარეს ჰქონდა სამართლებრივი უფლებამოსილება მოეთხოვათ ეს ჩანაწერი სასამართლოს მეშვეობით”, – განაცხადა პროკურორმა.
მისი განმარტებით, დასაკითხი პირებიდან ნაწილი გამომძიებელია და ნაწილი მოწმეები, რომლებიც ესწრებოდნენ ჩხრეკის პროცესს. პროკურორის განმარტებით, პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დღეს არ დაიკითხება.
დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ კი განაცხადა, რომ თუ დღეს ის მოწმეები დაიკითხებიან, რომლებიც აეროპორტში დეკანოზის ბარგთან შემხებლობაში არიან, დაცვის მხარეს მათთან მწვავე კითხვები ექნება.
”თუ დაიკითხებიან ის პირები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ბარგთან, ნამდვილად გვექნება არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა იმიტომ, რომ როგორც ამ ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, ბარგთან დაკავშირებით არაერთი სამართლებრივი და დასაბუთებული კითხვისნიშანი არსებობს, თუ როგორ მოხდა მისი ამოღება, დალუქვა, გარკვეული პირების მიერ ციანიდის მოთავსება. პროკურატურა ყველა მოწმის დაკითხვის დროს ცდილობს იმის გამყარებას, რომ აეროპორტში ბარგის ჩხრეკისას ციანიდი ამოიღეს, მაგრამ დაკითხვის შემდეგ ეს პოზიცია ნაკლებად აქვთ, რადგან ყველა მოწმე ადასტურებს იმ ფაქტს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. დეკანოზს ბარგში ციანიდი არ ჰქონია. დღეს თუ იქნებიან ის პოლიციელები და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც მოწმეთა სიაში არიან შეყვანილი და შეხება აქვთ ბარგთან, მათ არაერთ მწვავე კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა”-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
რაც შეეხება იარაღს, მისი თქმით დეკანოზმა გიორგი მამალაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მას იარაღი სახლში ირაკლი მამალაძემ შეანახვინა.
“სთხოვა მას, როგორც მოძღვარს, იარაღი შეენახა”- აღნიშნა ფანცულაიამ. ადვოკატის თქმით, ირაკლი მამალაძემ არ დაადასტურა ეს ფაქტი დაკითხვისას, თუმცა როგორც ფანცულაია ამბობს, ის ვერ სცემდა დეკანოზის მიერ დასმულ კითხვებს პასუხს, რაც მისი თქმით, მოსამართლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება უნდა იყოს.
ავტორი: ნინო ცხადაია