ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, გარემოს დაბინძურებისთვის უკვე 926 პირი დაჯარიმდა, მათგან 384 უცხო ქვეყნის მოქალაქეა

20 აპრილიდან დღემდე, თბილისში გარემოს დაბინძურებისთვის „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორების მიერ, 926 პირი დაჯარიმდა, მათგან 384 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას იპნ ავრცელებს.

დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა სახის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის დაჯარიმებულია 882 ფიზიკური და 44 იურიდიული პირი.

ქვეითი ინსპექტორების მიერ საჯარიმო ოქმების ძირითადი ნაწილი საყოფაცხოვრებო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზეა შედგენილი, ხოლო სამშენებლო ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ქვეითმა ინსპექტორებმა 15 საჯარიმო ოქმი შეადგინეს.

„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში, 2017 წლის 3 აპრილიდან გამოჩნდნენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში მათ გამოჩენას ინფორმაციული სახე ჰქონდა, ხოლო დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქვეითმა ინსპექტორებმა საჯარიმო ოქმების შედგენა 20 აპრილიდან დაიწყეს.

ამასთან, ქვეითი ინსპექტორების გარდა, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით პერმანენტულ ინსპექტირებას ეკიპაჟების სახითაც ახორციელებს.

ქვეითი ინსპექტორების მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირები ძირითადად, ხალხმრავალ და ტურისტულ ზონებში, ასევე ბაღებსა და სკვერებში ვლინდება.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....