“პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არსებობს შეფასების სამი დონე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სტანდარტით ე.წ სამი კალათა და ჩვენ ამ შეფასების ფარგლებში ვართ ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ქვეყნებში. მე დადებით შეფასებას ვგულისხმობ, ევროკავშირს ქვეყნებთან ერთად,”-განაცხადა შსს-ს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ, მსოფლიოს მასშტაბით, გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით.
ხუციშვილის თქმით, შესაძლოა გარკვეული რისკ ფაქტორები არსებობდეს, თუმცა ტრეფიკინგთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს და ამ კუთხით რამდენიმე წარმატებული ოპერაციაც ჩატარდა.
“რა თქმა უნდა, გარკვეული რისკები შეიძლება არსებობდეს, ყველა ქვეყანაში არსებობს მეტნაკლებად, მაგრამ მთავრობის ძალისხმევა დადებითადაა შეფასებული. ჩვენ ბოლოს რამდენიმე საქმე გვქონდა, რომელიც არ გახმაურდა პრესაში, მაგრამ რამდენიმე ძალიან წარმატებული საქმე იყო იგივე ტრეფიკინგთან დაკავშირებითაც. გარდა ამისა ჩვენ პროკურატურასთან ერთად გვყავს ე.წ ერთობლივი ჯგუფები, რომლებიც პრევენციულად მუშაობენ და ყველა რისკ ზონას ამოწმებენ,”- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
“აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რა რეკომენდაციებიც არის, ამას ვაანალიზებთ და ანგარიშის გარეშეც ჩვენ ჩვენი შეფასებით ვმუშაობთ. რეალურად ამ ანგარიშიდან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ძალისხმევა, რასაც ვახორციელებთ სწორი და ეფექტურია,”-დასძინა ხუციშვილმა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეფასებული 187 სახელმწიფოდან, საქართველო უკვე მეორედ მოხვდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზე – ე.წ. “პირველ კალათაში“.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია რომ, საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.