ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

აფგან მუხთარლის საქმე: “ქართული ოცნების” წევრთა ნაწილი გამოძიებით უკმაყოფილოა

ავფგან მუხთრალის საქმეზე მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. “ქართული ოცნების” ერთი ნაწილი გამოძიების პროცესით უკმაყოფილებას ღიად აფიქსირებს და საპარალამენტო საგამოძიებო კომიიის შექმნას ემხრობა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი ამბობს, რომ გამოსაძიებელია ვინ მონაწილეობდა აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში.

დეპუტატი არ გამორიცხავს დღევანდელ სესიაზე ოპოზიციის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მხარი დაუჭიროს.

„კომისიის შექმნის წინააღმდეგ გუნდში არ არის არავინ. არ გამოვრიცხავ, რომ მხარი დავუჭიროთ ამას. არ არის დამაკმაყოფილებელი. გასაგებია, რომ ქართული სპეცსამსახურები ამაში არ მონაწილეობდნენ, თუმცა გამოსაძიებელია ვინ მონაწილეობდა,“-განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის მეორე ნაწილი. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს მიაჩნია, რომ გამოძიებისთვის საჭირო გონივრული ვადა ჯერ არ გასულა, შესაბამისად დეპუტატი ამბობს, რომ აუცილებელია მოსახლეობა შედეგებს დაელოდოს.

„ჩემი მოსაზრება ის არის, რომ ჯერ მაინც უნდა დაველოდოთ საგამოძიებო ორგანოებს. იმიტომ, რომ არ არის იმდენი დრო გასული, რომ ჩვენ ვისაუბროთ გამოძიების არაეფექტიანობაზე. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით, რომ ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არ არის გონივრული ვადა გასული. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ძალიან ნაჩქარევი იქნება,“-აცხადებს სოფიო კილაძე.

გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას უარყოფს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთ პოზიციაზეა.

„არ ვფიქრობ, რომ განსხვავებულ პოზიციებზე დგას ვინმე. რაც არ უნდა კომენტარები მოვისმინოთ, საქართველო ამ საქმესთან დაკავშირებით არის ერთიან პოზიციაზე. ეს არ არის საკონსულტაციო საკითხი, ეს არის გამოძიება,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია დღევანდელ ბიუროს სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს.

იტვირთბა....