დემირელის და მისი პარტნიორი 5 კერძო სკოლის გაფართოებულ შეხვედრაზე დღეს დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის, მუსტაფა ჩაბუქის გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ჩაბუქი უკანონოდაა დაპატიმრებული და ეს მის განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება.
დემირელის პარტნიორი სკოლების ინიციატივით მოსწავლეების, პედაგოგების და რიგითი მოქალაქეების ხელმოწერით სპეციალური პეტიცია მომზადდა, რომელსაც უახლოეს მომავალში განათლების სამინისტროში შეიტანენ.
დღევანდელ შეხვედრას პატიმრობაში მყოფი ჩაბუქის მეუღლე თუბა ჩაბუქიც ესწრებოდა. მას მიაჩნია, რომ მისი მეუღლე თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებებს არ იზიარებს და ექსტრადიციის მოთხოვნაც სწორედ ამას უკავშირდება.
“ჩემს მეუღლეს არასოდეს არანაირი კავშირი არ ჰქონია ტერორისტულ საქმიანობასთან . მისი ერთადერთი იარაღი იყო ცარცი და მხოლოდ ახალგაზრდა თაობის განათლებას ემსახურებოდა. თურქეთში 10 ათასობით ადამიანი იდევნება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო და ჩემი მეუღლეც ერთ-ერთი ასეთია. მე იმედი მაქვს, რომ ქართული დემოკრატია და სამართალი ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და ჩემს მეუღლეს არ გადასცემს თურქულ მხარეს”, – განაცხადა თუბა ჩაბუქმა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.
მუსტაფა ემრე ჩაბუკის გათავისუფლების მოთხოვნით, ინტერნეტში პეტიცია გავრცელდა.