ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. გუშინ, პროკურატურის მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ ქვეყანა დატოვა. ის ამის მიზეზად მასზე განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს. გადაცემა “პრიორიტეტის” ეთერში ირაკლი მამალაძემ განმარტა, რომ მან მის მიმართ არსებულ შეურაცხყოფას ვერ გაუძლო. როგორც მთავარი მოწმე აცხადებს, საქმე „რუსთავი 2“-ის სიუჟეტს ეხება:
“წყობიდან გამომიყვანეს. დავტოვე ქვეყანა; ვარ სრულიად დემორალიზებული იქიდან გამომდინარე, რომ უკიდურესად შეურაცხყოფილი ვარ. მოიგონეს ათასი სიბინძურე;
როგორ შეიძლება, ერთი მხრივ ვამხელდე და ვმუშაობდე ლგბტ პირებზე და, მეორე მხრივ, საპატრიარქოზეც ვმუშაობდე, მე, როგორც აგენტი? ან, ვმუშაობდე ჟურნალისტებზე? გამაგებინეთ, 34 წლის მანძილზე ვინ მიმხელია? ვის წინააღმდეგ მიმიცია ჩვენება? რა გამიკეთებია ისეთი, რომ ასეთი თავდასხმის ობიექტი ვხდები მე დღეს?”- ამბობს პროკურატურის მთავარი მოწმე.
სიუჟეტში, რომლის გამოც მამალაძემ ქვეყანა დატოვა, საუბარია, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტია, რომელიც ჟურნალისტებზე, სასულიერო პირებსა და ლგბტ თემის წევრებზე პირადი სახის ინფორმაციას აგროვებდა.
„რუსთავი 2“-ის წყაროს ყოფილი მაღალჩინოსანი, პოლიციელი ირაკლი ფირცხალავა წარმოადგენდა. ის ციხიდან გამოგზავნილ წერილში აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე სპეცსამსახურების აგენტია.
თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 25 ივნისს უწყებამ გამოძიება ირაკლი ფირცხალავას მხრიდან მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე დაიწყო. პროკურატურის ცნობით, გამოძიება 372-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ირაკლი მამალაძის თქმით, „რუსთავი 2“-ის სიუჟეტით მასზე გავლენის მოხდენა სურდათ, რადგან სიუჟეტის გასვლიდან მომდევნო დღეს, 25 ივნისს, ის სასამართლოში ჩვენების მიცემას აპირებდა. მამალაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2″- ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის და ამავე არხის ჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის დაკითხვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანაში დაბრუნებას არ აპირებს.
“ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ირაკლი მამალაძე დეკანოზ გიორგი მამალაძისა და ” რუსთავი 2″- ის დამფუძნებლების, ძმები ყარამანიშვილების კავშირების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მასზე ნეგატიური სიუჟეტი სწორედ “რუსთავი 2”-ის მფლობელებმა დაუკვეთეს:
“არხის ჟურნალისტებთან ერთად უნდა დაიკითხოს ირაკლი ფირცხალავაც და გავიგოთ, რატომ მომზადა ჩემზე ამაზრზენი სიუჟეტი, რომლის მიზანიც ჩემზე ფსიქოლოგიური წნეხის მოხდენა იყო. ვიდრე პროკურატურა ამ პირებს არ დაკითხავს, ქვეყანაში დაბრუნებას არ ვაპირებ”- აცხადებს ირაკლი მამალაძე.
პროკურატურა ირაკლი მამალაძის მიერ ქვეყნის დატოვებას ადასტურებს და ამბობს, რომ მოწმემ ქვეყანა მათთან შეთანხმების შემდეგ დატოვა:
“ნუ დაამახინჯებთ ფაქტებს. განცხადებაში ცალსახად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია; დავაფიქსირეთ თუ არა, დავიწყეთ გამოძიება. არანაირი გამოძიება ჟურნალისტების წინააღმდეგ არ მიმდინარეობს.
ციანიდის ვიდეოს ამოღებასთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ყველა საპროცესო მოქმედება კანონის დაცვითაა ჩატარებული. სპეკულირება რომ რაღაც დარღვეულია – სიცრუეა და მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს. ჩვენთვის არ არის ცნობილი, რომ ირაკლი მამალაძე სხვა ქვეყანაში ითხოვს თავშესაფარს. მან, ჩვენი ინფორმაციით, ქვეყანა გარკვეული პერიოდით დატოვა,”- ამბობს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ე.წ. ციანდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე, „მეტრონომთან“ საუბარში ამბობს, რომ საქმის მთავრ მოწმეს, ირაკლი მამალაძეს, პროკურატურამ ქვეყანა დაატოვებინა. მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მამალაძის იმედი უკვე თავად უწყებასაც აღარ აქვს.
ბრალდებული დეკანოზის ძმის აზრით, პროკურატურამ დაინახა საშიშროება, რომ ირაკლი მამალაძე შეიძლება ალაპარაკებულიყო და ჩვენება შეეცვალა. დეკანოზის ძმის ინფორმაციითვე, მამალაძემ თავს უშველა, რადგანაც „ცრუ მოწმეა და მამაო გამართლდება“. ამიტომ, მას საზოგადოების მხრიდან იმ რეაქციის შეეშინდა, რაც მისი მისამართით იქნებოდა მიმართული:
„ირაკლი მამალაძეს შეეშინდა, რომ ცრუ დასმენისთვის მამაოს ადგილას თვითონ არ მოხვდეს; ამიტომ, პროკურატურის დახმარებით მან ქვეყანა დატოვა. ფაქტია, რომ თავად უწყებასაც მისი იმედი უკვე აღარ ჰქონდა და ამიტომ ქვეყნიდან სასაწრაფოდ გააპარა.
ვიდეო ჩანაწერში, რომლიც პროკურატურამ ირაკლი მამალაძის დახმარებით ჩაწერა, კარგად მოსმენის შემდეგ მივხვდებით, რომ ეს ადამიანი დარიგებულია და ისეა მისული. სწორედ იმ პროვოკაციულ კითხვებს უსვამს დეკანოზს, რომელიც შემდეგ პროკურატურამ საქმეში მტკიცებულების სახით წარმოადგინა. ეს პიროვნება არის ჩვეულებრივი ე.წ. აგენტ-პროვოკატორი.
სწორედ ამაზე საუბრობს ყოფილი პოლიციელი ირაკლი ფირცხალავა, რომელმაც „რუსთავი 2“-ს ციხიდან წერილი გამოუგზავნა. მის გარდა ირაკლი მამალაძე სხვა ადამიანებმაც ამოიცნეს და განაცხადეს, რომ მას, როგორც წინა ხელისუფლება, ახლანდელიც მსგავსი საქმეების „შესაკერად“ იყენებდა.
როგორც მამალაძემ, ასევე პროკურატურამ ძალიან კარგად იციან, რომ დეკანოზი გამართლდება. მამალაძე დეკანოზის ადგილას რომ აღმოჩენილიყო, დაასახელებდა თუ ვინ დაავალა დეკანოზის წინააღმდეგ ასეთი ქმედების ჩადენა“,-ამბობს დეკანოზის ძმა „მეტრონომთან“.
მისი თქმით, ირაკლი მამალაძე თავიდან ძალიან მშვიდად იყო, ხოლო რაც დარწმუნდა, რომ დეკანოზის წინააღმდეგ პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არა აქვს და ის შესაძლოა გამართლდეს, მან თავზე კონტროლი დაკარგა და გაჩნდა საფრთხე რომ სიმართლეს იტყოდა.
ამიტომ, ის სამშვიდობოს გაიყვანეს. პროკურატურამ თავის ე.წ. ოქროს მოწმეში ეჭვი შეიტანა და იმ ჯგუფთან ერთად გადაწყვიტა მისი ქვეყნიდან გაყვანა, რომლებიც დეკანოზს პირადად დევნიან.
საპატრიარქოს სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე ერთი დიდი სპექტაკლია. მისი განცხადებით, ირაკლი მამალაძეზე გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულ ზეწოლას ახორციელებს და საზოგადოების თვალში მისი პიროვნების დემონიზაციას ახდენს.
ანდრიაძე ამბობს, რომ ეს ადამიანები ანტიეკლესიურები არიან, რომელთა მთავარი მიზანი პატრიარქის და საპატრიარქოს დისკრედიტაციაა. მისი თქმით, ამ საქმეში დეკანოზი მამალაძე მსხვერპლია თუ თანამზრახველი, ამას დრო აჩვენებს და ყველაფერს ნათელი მოეფინება. ანდრიაძეს მიაჩნია, რომ დეკანოზის საქმე ფონი იყო, რომლის საშუალებითაც ეკლესიის დისკრედიტაცია მოხდა და ამის დამგეგმავი იგივე ჯგუფი ცდილობს, პროკურატურას და მთავარ მოწმეს ჩირქი მოსცხონ:
„თუ დააკვირდებით, დეკანოზის გამართლებას ეკლესიის დისკრედიტაციით ცდილობენ. გამოდის მეუფე პეტრე და ამბობს, რომ ეკლესიაში თანხების გაფლანგვა ხდება და იქ სრული განუკითხაობაა. მერე ვინ დაუშალა ამ კაი ხალხს, რომ გამოიძიონ და გაარკვიონ სამუდამოდ, ვინ არიან ის სასულიერო პირები, რომლებიც საპატრიარქოს ქონებას ჭამენ და ფლანგავენ?! დაინტერესდეს პროკურატურა, ან თავად ამ ადამიანებმა მიმართონ განცხადებით და დაიწყოს მოკვლევა.
ასე უაპელაციოდ ხომ არ შეიძლება ყოველ დღე ერთი და იგივე ბრალდებები ვისმინოთ? ვხედავთ, ასევე, რომ პროკურატურის მთავარ მოწმეზე, ირაკლი მამალაძეზე მიზანმიმართული შავი პიარი ხორციელდება. ამაში ჩართულები არიან როგორც სასაულიერო პირები, ასევე -მედია.
ჩემი აზრით, ყველაფერი იქით მიდის, რომ ე.წ. ცინაიდის საქმეში გიორგი მამალაძეს გაამართლებენ. თუნდაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, როგორც „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში მოხდა, სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ და დეკანოზი მაინც მართალი გამოვა. ხოლო ეკლესიის იმიჯი ბოლომდე განადგურებული იქნება. აი, ეს არის ამ ჯგუფის მიზანი და გეგმები, რომელსაც მშვენივრად ახორციელებენ“,-ამბობს ანდრიაძე „მეტრონომთან“.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ პროკურატურის ე.წ. ოქროს მოწმის, ირაკლი მამალაძის მიერ ქვეყნის დატოვება ძალიან ბევრ კითხვას აჩენს თუმცა ფანცულაია ამბობს, რომ ის ამ ეტაპზე ეჭვებზე არ ისაუბრებს, რადგანაც იურისტია და ფაქტების გარეშე რაიმეს მტკიცება არ სურს. ფანცულაია ამბობს, რომ თუ სასამართლო ოდნავ მაინც ობიექტური იქნება, დეკანოზი უნდა გამართლდეს. თუმცა ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ წაგების შემთხვევაში მათ დავა სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელონ:
„ირაკლი მამალაძის აგენტობის შესახებ ახალი არაფერია, რადგანაც ამის შესახებ მე არაერთხელ მისაუბრია. ეს არის დადგმული სცენარი, სადაც საპატრიარქოს ერთი ჯგუფი იღებს მონაწილეობას. მათ ხელმძღვანელი კი შორენა თეთრუაშვილია. ირაკლი მამალაძე ერთი უბრალო რგოლია ამ ჯაჭვში, რომელმაც თავს გაქცევით უშველა.
ირაკლი მამალაძე პირდაპირ სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის დავალებებს ასრულებდა. ამ ყველაფერს სასამართლოში, რა თქმა უნდა, რომ გამოვიყენებთ, თუმცა როგორ და რა ფორმით, ამაზე საუბრისგან მედიასთან თავს შევიკავებ. სასამართლოში წარვსდგები ფაქტებით და მტკიცებულებებით, რომ ამ ადამიანის ჩვენებების გაბათილება მოხდეს. სასამართლო ღია რომ იყოს, საზოგადოება ძალიან კარგად დაინახავდა, რომ ირაკლი მამალაძე ამ საქმეში განზრახ არის ჩართული.
პროკურატურას მამალაძის გარდა საქმეში სხვა მოწმე არ ჰყავს. მოსამართლე ოდნავ ობიექტურიც თუ იქნება, მაშინ დეკანოზი გამართლდება. თუმცა ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში დავას სტრასბურგის სასამართლოში გავაგრძელებთ. მართალია, ეს ძალიან არ გვინდა, რადგანაც არ გვსურს ვიღაცეებმა საპატრიარქოს შიდა პრობლემებში იჩხრიკონ, მაგრამ თუ სხვა გზა არ დაგვრჩება, ევროპულ სასამართლოს მივმართავთ“,-ამბობს ფანცულაია „მეტრონომთან“.
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო განხილვა 29 ივნისს, 11:00 საათზე გაგრძელდება, სადაც ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან.
26 ივნისის პროცესზე პროკურატურის 7 მოწმე დაიკითხა. მათ შორის, აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები, დეკანოზის ორი მეზობელი, მამა გიორგის ბინის მეპატრონე და „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტი. ასევე, გამგეობის წარმომადგენელი, რომელმაც მამაოს ბინა გააღო, რათა ჩხრეკა ჩატარებულიყო.
ავტორი: ელზა პაპოშვილი