ახალი ამბები მთავარი სამართალი

შს მინისტრის მოადგილე: მუხთარლის საქმეზე ვიდეოჩანაწერები გამოძიების შუალედური შედეგების შემდეგ გამოქვეყნდება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ვიდეოჩანაწერები მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც გამოძიების შუალედური შედეგები გახდება ცნობილი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

“ვიდრე არ იქნება გამოძიების შედეგები, ვიდრე არ იქნება ჩვენება და არ შეჯერდება საერთო სურათი, მანამდე შუალედურ შედეგებს ვერ გამოვაქვეყნებთ. ჩვენ ვიხილეთ მუხთარლის განცხადებები ცალკეულ საკითხებზე, ამიტომ სრული სურათისთვის საჭიროა გვქონდეს დეტალური ჩვენება. ვიდეოკამერები არის საქმის ერთი კომპონენტი, ჩანაწერების გარდა დაკითხულია ასეულობით მოწმე”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველომ აზერბაიჯანულ მხარეს აფგან მუხთარლის დაკითხვის თხოვნით მიმართა და პასუხს ელოდება.

აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

დღეს, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.

იტვირთბა....