საქართველოს პრეზიდენტი დღეს აფგან მუხთარლის მეუღლეს მიიღებს. ლეილა მუსტაფაევას ადვოკატთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში 15:00 საათისთვის ელოდებიან. ლეილა მუსტაფაევა აპირებს, მისი და აფგანის სახელით, გიორგი მარგველაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადოს.
“შესაძლოა, საქართველოს პოლიტიკური სისტემა განსხვავდება აზრბაიჯანულისგან, შესაძლოა აქ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ, მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტი იქცეოდა ისე, როგორც ნამდვილ პრეზიდენტს შეეფერება.
ის ერთადერთი იყო ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, ვინც მომხდარს გატაცება უწოდა. შეხვედრაზე ვისაუბრებთ აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს როლის შესახებ. ასევე, გამოძიების მიმდინარეობაზე, რადგან ვთვლით, რომ ის არ არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენ ყველა ამ საკითხზე ვისაუბრებთ. შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტს რაიმე სახის შემოთავაზება ჰქონდეს,” – განმარტა ლეილა მუსტაფაევამ.