პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, კონსტიტუციის ახალ ვარიანტში თავდაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება. სესიაშვილის განცხადებით, თითოეულ მუხლთან მიმართებით არსებული რისკები გათვალისწინებულია და მის გარშემო ზედმეტი აჟიოტაჟი მხოლოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად ხდება.
სესიაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის, განცხადებასაც ეხმაურება, სადაც ის უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ უმრავლესობის ნაწილს გარკვეულწილად მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების სურვილი ჰქონდეთ.
„ვცდილობ ხოლმე, რომ ყველა მუხლთან მიმართებაში ის გარკვეული რისკები გავითვალისწინო, რაც ზოგადად არსებობს. ასეთი საფრთხე, რაზეც ქალბატონი თინა წინაზე მიანიშნებდა, რომ რაღაც მხედრიონის შექმნა, ეს რა თქმა უნდა, არასერიოზულია. ასეთი, რაღაც თეორიული რისკები რეალურ მოცემულობასთან კავშირში ვერ არის,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყანა შინაგან ჯარს ან „მხედრიონს“ მიიღებს.