ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პროკურორი: გიორგი მამალაძემ მკვლელობა ძლიერმოქმედი შხამით მოამზადა

“მეტრონომი” სასამართლოდან:

 

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა. დღეს დაცვის მხარე წარადგენს შესავალ სიტყვას. როგორც პროცესის დაწყების წინ ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა განაცხადა,  ისინი საქმეს  სამართლებრივად მიმოიხილავენ და ასევე,  მიმართავენ მოსამართლეს, ობიექტურად  მიიღოს გადაწყვეტილება:

” მეორე ნაწილი თავისუფლად შეიძლება იყოს მოწმეთა დაკითხვა. თავდაპირველად ამას პროკურატურა აწარმოებს. ისინი წინასწარ არ გვაფრთხილებენ თუ რომელ მოწმეს მოიყვანენ. 120 მოწმიდან, თავისუფლად შესაძლებელია ნებისმიერი ადამიანი აარჩიონ, შესაბამისად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ წინასწარ შეგვატყობინებენ რომელ მოწმეს დაკითხავენ.

რაც შეეხება აუდიოჩანაწერს, ჯერ არ მომისმენია. ჩემთვის როგორც ცნობილია, ეს იყო არა მარტო აუდიო, არამედ,- ვიდეოჩანაწერი. თუ გასაჯაროებაა, სრულიად უნდა გასაჯაროვდეს. მამა დავით ჭინჭარაული როგორ აჩერებდა დეკანოზის ძმას, ეს აუდიოჩანაწერში არ გამოჩნდება. არც ის, როგორ გაოცებული უსმენდა პატრიარქი თორნიკე მამალაძეს, როცა სიმართლე ესმოდა. ჩანაწერის გაცნობის შემდეგ უფრო დეტალურად მოგახსენებთ”- განაცხდა ფანცულაიამ.

პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, რომ დროის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია პროკურატურამ მოწმეთა დაკითხვა დაიწყოს.

”წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე წარსდგა შესავალი სიტყვით. აქ მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ ჩვენი შესავალი სიტყვა ავაგეთ უტყუარ ფაქტებზე, რომლებითაც ცალსახად დასტურდება, რომ ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ მოამზადა ანგარებით მკვლელობა, ძლიერმოქმედი შხამის გამოყენებით.

რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, დიდი მოლოდინი ამ პროცესიდან არ გვაქვს, რადგან დაცვის მხარე ამბობს შესავალ სიტყვას. გამოძიების ეტაპზე გახსოვთ ალბათ ოქრომჭედლის ვერსია, რომელიც გამოძიების ეტაპზე გავაბათილეთ და ასევე, შესავალ სიტყვაში. დაველოდებით, იმავეს იტყვიან თუ უფრო აბსურდულ და დაუჯერებელ ვერსიებს მოიგონებენ.

პროკურორის თქმით, ჯერ კვლავაც მიმდინარეობს გამოძიება იმაზე, თუ სად და ვისგან შეიძინა გიორგი მამალაძემ ციანიდი. მისი განცხადებით, გამოძიება ასევე მიმდინარეობს შესაძლო თანამზრახველებზე. გიორგი მამალაძეს ამ დროისთვის 6 ადვოკატი ჰყავს და თუ ყველამ გამოიყენა დღეს შესავალი სიტყვის უფლება, როგორც პროკურორი ამბობს, ვერ მოასწრებენ მოწმეთა დაკითხვას. გუბალაძის თქმით, პროკურატურა მზადაა მცირე დროშიც დაიწყოს მოწმეთა დაკითხვა. მისი ინფორმაციით, საქმეზე 120 მოწმეა.

ავტორი: ნინო ცხადაია

 

იტვირთბა....